გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირების ბრალდებით, დააკავეს პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე, რომელსაც მანამდე თანამდებობა აწგარდაცვლილ, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელ დავით გოგობერიშვილთან ერთად დაატოვებინეს.
„გ.ქ.-მ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად, გ.ქ.-მ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე, გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტის შემდგომ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, რაც თავის მხრივ, პირველ რიგში, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა გ.ქ.-სთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს“, — განაცხადა სუს-მა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, საბოლოოდ მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში.
„გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების საფუძველი მაღალი ალბათობით შესაძლოა ყოფილიყო კორუფციული გარიგება, რის გამოც საქმე იუსტიციის სამინისტროდან გამოსაძიებლად სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადმოეცა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მასალებმა კიდევ უფრო გაამყარა ზემოხსენებული ინფორმაცია — გ.ქ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, კერძოდ, მისი ბრძანებით, 2025 წლის ივნისში, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მდებარე იმ საკანში, სადაც იმყოფებოდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი, ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე შეასახლეს სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი ორი პატიმარი, ნ.ჯ. და ი.გ., რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად აღნიშნულ საკანში დაყვეს 10 დღე. გ.ქ.-ის ბრძანებით, მოხდა საკნის შესასვლელი კარის სათვალთვალო კამერების გათიშვა, რათა არ დაფიქსირებულიყო ხსენებული პირების ბაჩიაშვილის საკანში შესვლა და გამოსვლა. ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ბაჩიაშვილის საკანი დატოვეს, გ.ქ.-ის დავალებით, მთლიანად წაიშალა საკანში ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა“, — აცხადებს სუსი.
სუს-ის თანახმად, არც გია ქემოკლიძეს და არც გიორგი ბაჩიაშვილს არსად დაუფიქსირებიათ ზემოხსენებული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად საკანში ყოფნის ფაქტი და მრავალტომიან სისხლის სამართლის საქმეში, გუშინდელ დღემდე, არც ერთ მოწმეს არ უხსენებია ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან 10-დღიანი შესახლების შესახებ.
„გარდა ამისა, 2025 წლის 11 ივლისს, გ.ქ.-ის ბრძანებით, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეასახლეს ასევე სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პატიმარი კ.მ., რის შემდეგაც საზოგადოებას პატიმარ ბაჩიაშვილის მხარემ აცნობა, რომ თითქოს ბაჩიაშვილი საკანში სხვა პატიმარმა სცემა. თუმცა გამოძიებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ რეალურ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, გ.ქ.-ის ბრძანებით, ბაჩიაშვილის საკნის სათვალთვალო კამერები გათიშეს, რათა არ მომხდარიყო ვიდეოჩანაწერის გაკეთება, შესაბამისად, არ გამჟღავნებულიყო, რა მოხდა რეალურად გიორგი ბაჩიაშვილის საკანში. აღნიშნული თავის მხრივ ადასტურებს ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტს“, — განაცხადა სუს-მა.
გია ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში მისთვის უცნობმა პირმა სცემა.
წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს მიაწოდა, ის წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.
ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტო ვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.
ბაჩიაშვილის ცემის საქმზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გია ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.
გამოძიების ვერსიით, „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“.
იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციიდან გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა.
8 ოქტომბერს N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ის მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
