თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა 64 წლის ლია მუშკუდიანს.
ქალბატონი ლია ადვოკატის გარეშე იჯდა სხდომაზე, რომლის მიმდინარეობის შესახებ მედიამ მაშინ შეიტყო, როცა მოსამართლე ჩაგუნავა უკვე სათათბიროდ იყო გასული. მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ.
ლია მუშკუდიანი გუშინ, 22 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს, სახლთან ახლოს, როცა, როგორც თავად მოასწრო თქმა, ეზოში მუშაობდა.
მოსამართლე ჩაგუნავამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ქალბატონ ლიას განუმარტა, რომ მის „ასაკს ითვალისწინებდა“ და ამიტომ არ უშვებდა უფრო გრძელვადიან პატიმრობაში. შეახსენა ისიც, რომ 3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უფიქსირდება მანამდეც. იგულისხმება ასევე აქციაზე ყოფნა და „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რის გამოც გაასამართლეს ლია მუშკუდიანი.
“ქართულმა ოცნებამ” წინა კვირაში დაამტკიცა რეპრესიული კანონმდებლობა, რომლითაც თუ პოლიცია ჩათვლის, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა ქუჩის გადაკეტვისთვის საკმარისი არ არის, გზაზე გადამსვლელების დაკავება და ადმინისტრაციული პატიმრობების შეფარდება შეუძლიათ. ფაქტის განმეორების შემთხვევაში შსს-ს შეუძლია სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრაც. 15-დღემდე პატიმრობით სჯიან პირბადიან მომიტინგეებსაც.




