გუშინ, რუსთაველზე დაკავებულებს შორის, ომარ ოკრიბელაშვილის მამაა

გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვისას დაკავებულები არიან 31 წლის სანტექნიკოსი კახა თუმანიშვილი. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თუმანიშვილი აქციაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა – “მე კაპიშონი მეკეთა და მწვდა პოლიციელი და მათრია …უი, ეს გოგო ყოფილაო და კახა წაიყვანეს, ხელიდან გამომტაცეს” – ამბობს დაკავებულის მეუღლე “ფორმულასთან”.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ის გიორგი ოკრიბელაშვილია, ომარ ოკრიბელაშვილის მამა. მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წესრიგის დარღვევას ედავებიან.

ადვოკატ დავით გამყრელიძის თქმით, ოკრიბელაშვილი გუშინ რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების თავშეყრის ადგილას მივიდა, რომლებმაც პირველ გიმნაზიასთან განცხადება გააკეთეს. ამ განცხადების შინაარსი კი ოკრიბელაშვილისთვის მიუღებელი იყო, რადგან მისი შვილის ადვოკატის კეთილსინდისიერებას ეხებოდა. სწორედ ამ ადვოკატის თქმით, ამ დროს მოხდა მცირე ინციდენტი:

“მშობლებსა და ბატონ გიორგის შორის შედგა საუბარი ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ დროს ჩაერთო სპეცრაზმი , დაიძაბა სიტუაცია და დააკავეს ბატონი გიორგი” –  ამბობს ადვოკატი გამყრელიძე, რომლის კეთილსინდისიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ ის მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ოჯახთან შეუთანხმებლად შევიდა  და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო რეჟიმის სხვა ტყვეებისთვის.

შეგახსენებთ, ომარ ოკრიბელაშვილი  მარტის აქციების დროს დააკავეს. მას და საბა მეფარიშვილს პარლამენტის  400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდნენ. ორივე მათგანს 20 იანვარს მოსამართლე ნინო გუდაძემ დამნაშავეებად ცნო და საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

ცოტა ხნის წინ, ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა ივანიშვილის “პრეზიდენტ” ყაველაშვილს ომარ ოკრიბელაშვილის შეწყალების თხოვნითაც მიმართეს.

წყარო