ნაკრების ბოლო ორი თამაში მეორე ტაიმის შემდეგ აღარ მიყურებია. არც დასაწყისში მქონია ის მძლავრი მოლოდინი, რასაც ბოლო 22 წლის განმავლობაში ვგრძნობდი. თითქოს სადღაც გაუჩინარდა და გაუფერულდა ნაკრებისადმი ემოციური ბმა.
გუშინ კიტეიშვილმა თქვა, ევროპის შემდეგ ცეცხლი ჩაქრაო გუნდში. მაგას ცეცხლი არ ჰქვია; მაგ გრძნობას თავისი სახელი აქვს და უსამართლობა ჰქვია. უსამართლობა, რომელიც ხალხისთვის სახეში შეფურთხებაზე, სილის გაწვნასა და ნაცრის შეყრაზე უარესია.
ის მუხტი და ცეცხლი, რომელსაც ნაკრები ეძებს, უკვე სამი ასეული დღეა აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას, ხოლო ნაკრებისგან შუაშისტური – ისიც შერჩევითი – განცხადებების მიღმა, სხვა არაფერი გვახსოვს.
არადა, თითქოს ფეხბურთს მთების გადადგმა, ომის შეჩერება და ნაციების შერიგებაც კი შეუძლია. თუმცა ჩვენთან ისევ ყველაფერი გაუკუღმართებულია, და ალბათ ამიტომაც არ გამოსდის ნაკრებს არაფერი, არც მოედანზე და უკვე არც მოედნის მიღმა.
ძალიან რთულია ფეხბურთის უპირობო სიყვარული, მაგრამ ქვეყნის სიყვარული კიდევ უფრო რთული და, როგორც ჩანს, მხოლოდ რჩეულთათვისაა.
რამდენი ფეხებსშუა, პანენკა თუ რაბონაც არ უნდა აკეთოთ, თქვენი კარიერის მთავარი „მატჩი“ – ხალხის გული – წააგეთ. და კაპიკიც არ ღირს არც ჩემპიონთა ლიგის თასი, არც სხვა მიღწევა, როცა ის მატჩი წაგებული გაქვთ.
სანიოლს ნუ გადააბრალებთ ამ ყველაფერს, უბრალოდ ემოციურად არ იყავით ამხელა წნეხისთვის მზად.
პატივისცემით,
თქვენი ერთგული გულშემატკივარი.
