ძალიან კარგი ჟესტია პრეზიდენტის მხრიდან – გამობრძანდით ბატონებო! – როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის, აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და თუ გაქვს შესაბამისი რესურსი გინდა არჩევნები მოიგე და გინდა შესაბამისი შედეგი დადე, – ასე შეაფასა “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გულისხმობს.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომაა.
“ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა “ნაცმოძრაობის” ამ ფილიალის წარმომადგენლებს, ე.წ პოლიტიკოსებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება დაეწერათ და მონაწილეობა მიეღოთ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაზეც უარი განაცხადეს და რითაც დაადასტურეს, რომ რეალურად, მათი მიზანი იყო არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ დამალვა და მიზეზის გამოძებნა, თუ რატომ აგებდნენ არჩევნებს. ახლა უკვე სახელმწიფოებრივი მიდგომაა, რაც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გააკეთა, რომ როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის – აი ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და თუ გაქვს შესაბამისი რესურსი გინდა არჩევნები მოიგე და გინდა შესაბამისი შედეგი დადე. რეალობა ის არის, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, არამხოლოდ ამომრჩეველთა სანდოობაზეა საუბარი, არამედ ელემენტარულად ნახევარზე მეტ ოლქში ფორმალურადაც ვერ მოძებნეს კანდიდატები რომ დაეყენებინათ. კანდიდატი ვერ მოძებნეს და მხარდაჭერებს როგორ მოძებნიან? ძალიან კარგი ჟესტია პრეზიდენტის მხრიდან – გამობრძანდით ბატონებო. ერთი მხრივ, აღსრულდა კანონი, რომ დაარღვიეს კანონი და სასამართლომ იმოქმედა და მეორე მხრივ, არ თქვან რომ ციხეში ვიყავით და როგორ მოვიგებდით არჩევნებსო – გამობრძანდით, ერთი თვეა დარჩენილი და თუ რაიმე რესურსი გაქვთ შედეგი დადეთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა აქციების დროს დაკავებული პატიმრები შეიწყალოს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ რაც მათ აქციების დროს ჩაიდინეს “კრიმინალია”.
“ვინ ახალგაზრდებზე საუბრობთ? მგონი ერთმანეთში ურევთ პოლიტიკურ პროცესებს და კრიმინალს. ეს ორი თემა აბსოლუტურად განსხვავდება.
კრიმინალის ხარისხსაც გააჩნია – ადამიანებს, რომლებსაც ცოცხლად დაწვის მცდელობა აქვთ, ქვებს ესვრიან, შეურაცხყოფას აყენებენ, შენობებს ანგრევენ და ა.შ – ეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაა, ჩვეულებრივი კრიმინალია. ეს ხალხი პოლიტიკურ პროცესში კი არ მონაწილეობდა და ამის გამო კი არ შეეწინააღმდეგა პოლიციელს და დაწვა უნდოდა, არამედ საუბარია იმაზე რომ ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციელებს ხან ქვებს ესროდნენ და ხან აზიანებდნენ”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
როგორც ყაველაშვილი განმარტავს, “მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება”.
