გურამ მაჭარაშვილი – ორკესტრირებული შეტევა გამჭვირვალობის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ არ სურთ გამოჩნდეს, როგორ იხარჯება შავი ფული პოლიტიკაში – რატომ ეწინააღმდეგები გამჭვირვალობას, თუკი სიკეთის დაფინანსება გსურს?!

არასამთავრობო სექტორის, რადიკალური ოპოზიციის და ს ორკესტრირებული შეტევა გამჭვირვალობის წინააღმდეგ მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ არ სურთ გამოჩნდეს, თუ როგორ იხარჯება შავი ფული პოლიტიკაში – რატომ ეწინააღმდეგები გამჭვირვალობას, თუკი სიკეთის დაფინანსება გსურს?! – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, მათ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი მხოლოდ იმას ცხადყოფს, რომ წარმოადგენენ არა ქართული საზოგადოების, არამედ უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში.
“გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორი საკუთარ გაუმჭვირვალობაზე რაც მეტს იხმაურებს, მათი გაუმჭვირვალობა მით უფრო გამჭვირვალე გახდება!
ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ნიშნავს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით – არასამთავრობო სექტორს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არა აქვს, სამაგიეროდ ანგარიშვალდებულება დონორების ანუ პატრონების წინაშე გააჩნიათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით დადასტურდა. გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორს ეტკინა ის, რომ კანონით ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება ეკისრებათ.
ისინი გამჭვირვალე არიან და ღია მინებით დადიან მხოლოდ მათი პატრონების წინაშე, მაგრამ ქართველმა ხალხმა მათ შესახებ არაფერი იცის”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სარჩელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი წევრი აწერს ხელს.
აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ასევე პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა მიმართეს.