გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციამ მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე პრაქტიკულად დაასრულა – თქვეს, სულ რაღაც რამდენიმე ათეული დავრჩით და მელიქიშვილის გამზირზე გმირულად დავეცითო!

ოპოზიციამ მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე პრაქტიკულად დაასრულა – თქვეს, სულ რაღაც რამდენიმე ათეული დავრჩით და მელიქიშვილის გამზირზე გმირულად დავეცითო! – ასე ეხმაურება მელიქიშვილის გამზირზე აქციის დასრულებას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ასეთი დასასრული მოსალოდნელი იყო და მათ ვეღარც საკონსტიტუციო სარჩელი უშველით.
„შეტყობინება საკუთარ მომხრეებს ჯაფარიძის სახით გაუგზავნეს – ახლა დავისვენოთო! ეს არის დასასრული! ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის, მოატყუა. ეუბნებოდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ ვერ ვხედავთ 61 განაცხადს, სადაც ისინი იტყვიან, რომ ჩვენ, 61 ოპოზიციონერი დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებებს პარლამენტის კანცელარიას ჩავაბარებთ. სად არის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირდებით 61 განცხადება?! ამას სთხოვს ოპოზიციას თავისივე ამომრჩეველი! ნურას უკაცრავად, თქვეს, ახლა ჩვენ დავიღალეთ, დავისვენებთ, მერე ახალ წლებზე გადავიტვირთებით, რა თქმა უნდა, ხელფასებს მივიღებთ და მერე თებერვალში ვნახოთ, რას გავაკეთებთო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ეს აქციის დაშლა არ არის, რადგან „ ძირითადად ჟურნალისტებს და ოპერატორებს ელაპარაკებოდა, მის უკან კი ერთი-ორი ადამიანი იდგა“.
„როცა მიხვდნენ, რომ მეგაფონით საუბარს აზრი არ ჰქონდა, თქვეს, მოდით წავიდეთ ერთმანეთს სახლში ველაპარაკოთო. ლიდერები წავიდნენ, თორემ არავინ არ დაშლილა, რადგან იქ არც არავინ იყო. როცა გირჩი ჯაფარიძე საუბრობდა, მაშინაც არავინ იყო არც აქციაზე და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა გამვლელი მოქალაქეებისა. როგორც ყვარყვარე თუთაბერს ჰქონდა განცდა, რომ ჯარს თვითონ მიუძღოდა და რეალურად ჯარი თავისით მიდიოდა და თვითონ ჩაუდგა სათავეში, ეს ხალხი ესაა – ჰგონიათ, რომ მათ ვინმე უჯერებს! მათ ვერასოდეს ვერავინ ვერ დაუჯერებს, რადგან კაცთმოძულე ადამიანები არიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე, დაიშალნენ.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.
მისივე თქმით, პოლიცია მათ ნებართვას აძლევს, რომ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტონ, შესაბამისად, ეს ფაქტი წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა „რაიმე სხვა ლოკაციის ან პროტესტის სხვა ფორმის მოფიქრება“.