მარკ რუტემ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო წლებია, მზადაა, ნატოში გასაწევრიანებლად – ახლა საუბრობს, თუ სურვილი აქვთ, იმეცადინონო, როცა გვითხრეს, თქვენ ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! – მაშინ ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველო ისეთი მასშტაბებით და ხარისხით მონაწილეობდა ნატოს სამშვიდობო მისიებში, რომ ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა.
„როცა გენერალურ მდივანს არ აქვს მკაფიო პასუხი, მაშინ ასეთ ძალიან ზოგად და შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელ პასუხებს სცემენ ხოლმე. მან ძალიან კარგად იცის, და არა მარტო მან ნატოში, რომ საქართველო წლებია, მზადაა, მათივე ინსტიტუტების შეფასებით, ნატოში გასაწევრიანებლად. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან კარგად იცის, რომ ქართველი ჯარისკაცების გარდა, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ვერავინ იბრძოდა სიმამაცით იქნებოდა ეს, თუ პროცენტული მონაწილეობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ეს ნატოს აღიარებაა პირდაპირ. არაწევრი ქვეყანა – საქართველო ისეთი მასშტაბებით მონაწილეობდა და ისეთი ხარისხით ნატოს ჯარებში, სამშვიდობო მისიებში, რომ ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნები. ახლა საუბრობს იმაზე, რომ თუ სურვილი აქვთ იმეცადინონ და ა.შ. როცა გვითხრეს თქვენ ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! მაშინ ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ, როცა თავად ამბობენ, რომ საქართველო მზადაა [ნატოში გასაწევრიანებლად], უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.
კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.
„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ,“ – განაცხადა მარკ რუტემ.




