ჩვენ 20 იანვართან დაკავშირებით არასდროს გვითქვამს, რომ ეს საკრალური თარიღია – პირიქით, კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და გიორგი გახარიამ თქვეს, 20 იანვრის შემდეგ არაფერს აზრი არ ექნება და თუ რამეა გასაკეთებელი, ეს 20 იანვრამდე უნდა გაკეთდეს! ვინც ფიქრობთ, რომ აშშ-სთან ურთიერთობა არა პარტნიორული, არამედ ვასალური უნდა იყოს, ეს თქვენი აზროვნების პრობლემაა! – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლების: – ჯო უილსონის, მაიკლ მაკკოლის, ჯიმ რიშის კრიტიკული განცხადებების გათვალისწინებით, რამდენად აქვთ მოლოდინი იმისა, რომ 20 იანვრის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
მაჭარაშვილის თქმით, ჯო უილსონის განცხადებაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავად ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საკუთარ ინაუგურაციაზე მიიწვია, რაც, მისივე აზრით, აშშ-ს მხრიდან ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ნიშნავს.
„თქვენ ჰკითხეთ გიორგი გახარიას და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რატომ არის 20 იანვარი მათი საკრალური რიცხვი? 20 იანვარზე მე ნუ მკითხვათ, რადგან 20 იანვარზე გიორგი გახარიამ თქვა!
ჩვენ არ გვითქვამს, არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა თუ კამალა ჰარისი, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მივიღებდით – ჩვენი გადაწყვეტილება ასეთია: ურთიერთობები უნდა იყოს პარტნიორული და თქვენი აზროვნების პრობლემაა, ვინც ფიქრობთ, რომ აშშ-სთან ურთიერთობა არა პარტნიორული, არამედ ვასალური უნდა იყოს.
ჩვენი პრინციპია, რომ ვინც არ უნდა იყოს აშშ-ს ხელისუფლებაში, ჩვენ მასთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა – იქნება ეს ტრამპი თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ იმას ვამბობდით, რომ ტრამპი საკუთარი პოლიტიკით, განცხადებებით იმ საკითხების მომხრეა, რაშიც ჩვენც ვეთანხმებით – ეს ეხება ოჯახურ ღირებულებებს, უკრაინაში ომის დასრულებას, სკოლებში რწმენის შეტანას, ანტიტრანსგენდერულ პოლიტიკას, რის გამოც ის პრეზიდენტად აირჩიეს.
აი, ეს მოლოდინი გვაქვს – ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ტრამპი დაჯდება და 24-საათი საქართველოზე იფიქრებს. თუ ხართ ობიექტური, ტრამპთან დაკავშირებით კითხვები დაუსვით გიორგი გახარიას, ნიკა გვარამიას, რომელიც ტრამპს აგინებდა – ჰკითხეთ, როგორ აპირებს ახლა ის აშშ-სთან ურთიერთობას! ამ თემაზე გვარამიას და გახარიას კითხვების დასმას ვერ უბედავთ?!
ტრამპი ამბობს, რომ ტრანსგენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა არის სიგიჟე, გამომდინარე აქედან გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთება!
ტრამპმა სი ძინპინი საკუთარ ინაუგურაციაზე მიიწვია და ჯო უილსონის განცხადება ტრამპის გადაწყვეტილებაზე უფრო მნიშვნელოვანია?! ტრამპი ვინ არის, უილსონია მთავარი?! ტრამპმა რომ სი ძინპინი ინაუგურაციაზე დაპატიჟა, ეს არაფერს ცვლის და ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას არ ნიშნავს?! – რა, არა გაქვთ ლოგიკური აზროვნება?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, “რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.
უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.
უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.
„რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?” – დაწერა უილსონმა.
