გურამ ლურსმანაშვილი: სტალინი და მართლმადიდებლობა, მითი და რეალობა

გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი, ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი:

საქართველოში იოსებ სტალინის პიროვნება კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ პროცესებთან აკავშირებენ ხოლმე.

წარმოდგენილ თემაში გვსურს, მართლმადიდებლობასთან სტალინის დამოკიდებულების შესახებ
ვისაუბროთ.

დასაწყისშივე ვიტყვით, რომ საქართველოში ამ საკითხზე, ძირითადად, სხვადასხვა მითიდან გამომდინარე საუბრობენ ხოლმე. ჩვენ შევეცდებით ამ მითებს ისტორიულად და ფაქტობრივად გამყარებული მონაცემები დავუპირისპოთ. ჩვენ შეგნებულად ვუვლით გვერდს სტალინის მიერ გადადგმული სასტიკი ნაბიჯების (ჰოლოდომორი, დახვრეტები, გადასახლებები, ე.წ. ,,გულაგები“ და ა.შ.) რელიგიურ ჭრილში განხილვას და მკითხველის ყურადღებას უფრო კონკრეტული ფაქტების ირგვლივ მივმართავთ.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ერთ-ერთი პირველი ,,არგუმენტი“, რაზე დაყრდნობითაც სტალინის ,,მართლმადიდებლობაზე“ საუბრობენ ხოლმე ისაა, რომ იგი ჯერ გორის სასულიერო სკოლაში, შემდეგ კი თბილისის მართლმადიდებელ სემინარიაში სწავლობდა. რეალურად, სტალინი მართლაც ირიცხებოდა ზემოაღნიშნულ სასწავლებლებში, თუმცა ამან მის სარწმუნოებრივ კრედოზე დადებითი გავლენა არ (ვერ) მოახდინა. პირიქით, რუსული იმპერიის საზღვრებში არსებულმა სასულიერო სასწავლებლებმა, რომლებშიც სისასტიკის, თავისუფლების შეზღუდვისა და ეროვნული თვითშეგნების დაკნინების სული იყო გამეფებული, უარყოფითი გავლენა მოახდინა სტალინის პიროვნებაზე.

სტალინის დედას -კეკეს – სურდა, რომ მისი ვაჟი სასულიერო პირი გამხდარიყო. ამიტომაც შეიყვანა იგი სასულიერო სკოლაში და ყოველმხრივ გვერდში ედგა. თუმცა, ადრეულ ბავშვობაშივე სტალინს სასულიერო პირად გახდომის ნაცვლად ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, კონტროლის სურვილები ჰქონდა. ცნობილი ისტორიკოსი საიმონ სებაგ მონტეფიორე წერს, რომ ბავშვობაში, თამაშის დროს,
სოსომ მკლავი დაიზიანა, შეშფოთებულმა კეკემ უთხრა: „შვილო, მღვდელი რომ გახდები, ბარძიმი როგორ უნდა დაიჭირო? სტალინმა უპასუხა: არ იდარდო, დედი! მღვდლად გახდომამდე, ხელი ისე მომირჩება, რომ მთელ ეკლესიას დავიჭერ!“ 2

გრიგოლ გლურჯიძე, რომელიც სტალინთან ერთად სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, ერთ საინტერესო ფაქტს იხსენებს, რომლის მიხედვითაც, ერთხელ, სკოლის პერიოდში სტალინმა მას უთხრა, რომ ღმერთი უბრალოდ არ არსებობს, მის შესახებ არსებული ინფორმაციები სიცრუეა, ხოლო
ღმერთზე დაწერილი წიგნების კითხვაზე სასარგებლო კი დარვინისა და ევოლუციის თეორიების შესახებ შექმნილი ნაშრომების კითხვაა. 3

აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იოსებ ირემაშვილი, რომელიც სტალინის ბავშობის მეგობარი იყო და მასთან ერთად ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, დაუფარავად საუბრობს სემინარიელი სტალინის ურწმუნოების შესახებ. 4

1952 წელს გერმანელმა ავტორმა ემილ ლუდვიგმა სტალინთან ინტერვიუ ჩაწერა. სხვადასხვა საკითხბთან ერთად საუბარი სტალინის მარქსისტობასა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩართვასაც შეეხო. ამ თემაზე საუბრისას სტალინმა პირდაპირ განაცხადა, რომ სასულიერო სემინარიაში არსებულმა მდგომარეობამ და მისადმი პროტესტმა განაპირობა რევოლუციურ მოძრაობაში ჩართვა და
მარქსიზმით, როგორც რევოლუციური სწავლებით, გატაცება. 5

ამგვარად, ყოველგვარ ისტორიულ რეალობას არის მოკლებული ის აზრი, რომ სასულიერო სასწავლებლებში სწავლის გამო სტალინი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, პირიქით, ამ პერიოდმა საკმაოდ უარყოფითი დაღი დაასვა რელიგიისა და ეკლესიისადმი მის დამოკიდებულებას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ ხშირად, საბჭოთა კავშირის პერიოდის რელიგიურ რეპრესიებს მთლიანად ლენინსა და ბერიას მიაწერენ ხოლმე და ამბობენ, რომ ამ ყველაფერში სტალინს ბრალი არ მიუძღვოდა.

საპირისპიროს მოწმობს სტალინის მიერ 1927 წელს წარმოთქმული სიტყვა: „პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენათა გამტარებლების მიმართ, რეაქციული სამღვდელოების მიმართ, რომელნიც წამლავს მშრომელი მასების შეგნებას, დავთრგუნეთ თუ არა რეაქციული სამღვდელოება? დიახ, დავთრგუნეთ, ოღონდ უბედურება ის არის, რომ იგი ჯერ კიდევ სრულებით არ არის მოსპობილი. ანტირელიგიური პროპაგანდა არის ის საშუალება, რომელმაც ბოლომდე უნდა მიიყვანოს რეაქციული სამღვდელოების ლიკვიდაციის საქმე.“ 6

რეალობაა ის, რომ სტალინის პერიოდში ღმერთი – ბელადით, ეკლესია – პარტიით, სინოდი კი პოლიტბიუროთი ჩანაცვლდა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი სწორედ იოსებ ჯუღაშვილმა შეიტანა.

სტალინის ,,მართლმადიდებლობაზე“ საუბრისას ხშირად იხსენებენ ხოლმე ერთ ფაქტს, რომლის თანახმადაც მან, თურმე, 1935 წელს ათონელ ბერებს ,,გულწრფელად“ სთხოვა, რომ მისთვის ელოცათ. სტალინისა და მისი ,,გულწრფელი რელიგიური გრძნობების“ შესახებ საუბარზე ბევრი დრო რომ არ
დავკარგოთ, აქაც შეგვიძლია ერთი ისტორიული ფაქტი გავიხსენოთ. 1937 წელს გარდაიცვალა სტალინის დედა, რომელიც ძალიან მორწმუნე ქალი იყო და მთელი ცხოვრების მანძილზე, რიტუალურ დონეზე მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგადი წესების დაცვას ძალიან აქტიურად ცდილობდა. სტალინმა, ამის მიუხედავად, მისი რელიგიური წესით დაკრძალვის გადაწყვეტილებაც კი არ მიიღო და იგი სამოქალაქო წესით დაასაფლავეს. 7

შესაბამისად, პიროვნება, რომელიც საკუთარი მორწმუნე მშობლის რელიგიური წესით დაკრძალვაზეც კი
უარს ამბობს, შეუძლებელია, რომ ბერების გულწრფელ ლოცვაზე ამყარებდეს დიდ იმედებს.

სტალინის მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით ყველაზე ბევრი მითი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით ვრცელდება. ომის პერიოდში, სტალინმა მართლაც შეცვალა მართლმადიდებელ ეკლესიასთან დამოკიდებულება, თუმცა, ამ მომენტის მართებულად და ისტორიულ რეალობაზე დაყრდნობით გაანალიზება აუცილებელია. არსებობს მითები, რომელთა თანახმადაც ლიბანის მთების მიტროპოლიტმა ილიამ, ნეტარმა მატრონამ და სხვა წმინდანებმა ომის დროს სტალინს ცოდვათა შენანება ურჩიეს, რათა ფაშიზმთან ბრძოლაში მას ეკლესია დახმარებოდა და გარდაუვალი მარცხი თავიდან აერიდებინა. აღნიშნულ თქმულებათა თანახმად, სტალინმა ამ ,,წმინდანებს“ დაუჯერა და ომიც მოიგო. ისტორია სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

სინამდვილეში, ე.წ. ,,სამამულო ომის“ დაწყებისთანვე სტალინს ეკლესია გვერდში დაუდგა. 8 ამის
მიუხედავად, ეკლესიასთან დაკავშირებით სტალინს არანაირი რადიკალური ნაბიჯი არ გადაუდგამს. სიტუაცია, არსებითად, 1943 წლის 4 სექტემბრიდან შეიცვალა. სტალინის გონებაში ახალ სტრატეგიული ამოცანა დაისახა, რომლის განსახორციელებლად საკუთარ აგარაკზე ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი და გიორგი კარპოვი დაიბარა (ამ სახელების ჩამოთვლაც საკმარისია იმის გასაგებად, თუ როგორი იქნებოდა ეკლესიის მომავალი) და მართლმადიდებელი ეკლესიის რეორგანიზაციის შესახებ ესაუბრა. ამას მოჰყვა რელიგიურ საქმეთა აპარატის დაარსება (რომელსაც NKVD-ს კადრი, გენერალ-მაიორი გიორგი კარპოვი ხელმძღვანელობდა), საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მოსკოვის პატრიარქის გამორჩევა და სხვა პროცესები.

საქმე ისაა, რომ 1943 წლის სექტემბრისთვის სტალინს სტალინგრადისა და კურსკის ბრძოლები უკვე მოგებული ჰქონდა და მის წინაშე სხვა სხვა პრიორიტეტები იდგა. მაშინ იგი თეირანის კონფერენციისთვის ემზადებოდა, რომელიც 1943 წლის ნოემბრის მიწურულს იწყებოდა, სადაც ძირითად თემად ევროპაში მოკავშირეების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნა უნდა განხილულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ
დასავლეთისთვის (განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთისა და -ისთვის) საზოგადოებრივი განწყობები სახელმწიფო დონეზე მისაღებ გადაწყვეტილებებში დიდ როლს ასრულებდა, სტალინმა ეკლესიის და, განსაკუთრებით, მართლმადიდებელი ეკლესიის გააქტიურება აუცილებლად მიიჩნია, რათა უცხოურ საზოგადოებებში თავისი პოლიტიკური ნარატივი უფრო აქტიურად გაევრცელებინა, შემდეგ კი ამ საზოგადოებების განწყობებს, უკვე საკუთარი ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე მოეხდინა გავლენა. სტალინის მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ის ფაქტი, რომ სწორედ მის პერიოდში აღიარა მოსკოვის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ევქარისტიული კავშირი დაამყარა მასთან. ფაქტობრივი კუთხით ეს ყველაფერი მართლა ასე იყო, მაგრამ სტალინს, საქართველოს ეკლესიაზე ზრუნვის ნაცვლად სხვა მიზნები ამოძრაებდა.

ვრცლად

 

ასევე დაგაინტერესებთ