„გუდაური ნაგავს მიაქვს“ – მთის კურორტების ბიზნესასოციაცია (bm.ge)

გუდაური ნაგავს მიაქვს და რეგიონში უკონტროლო მდგომარეობაა, – ასე აფასებს კურორტზე არსებულ ვითარებას BM.GE-სთან „მთის კურორტების ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია. ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი მთის კურორტზე სხვადასხვა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ საგზაო, ინფრასტრუქტურული და ჰიგიენის კუთხით გუდაურში შექმნილი კრიზისი პროგნოზირებადი იყო, რის შესახებაც კურორტის კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელ პირებსაც აფრთხილებდნენ.
„გუდაურში არაკონტროლირებადი მდგომარეობა გვაქვს. ეს ზუსტად ის არის, რასაც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა და რისი შიშიც ჰქონდა ბიზნესს, ზუსტად ის მოხდა“, – აცხადებს ის.
ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებლის შეფასებით, არსებული პრობლემების საფუძველი არასწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებებია. მიუხედავად იმისა, რომ გზისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ბიზნესის მოთხოვნა, საბოლოო შედეგმა ვითარება გააუარესა. მისი თქმით, საფეხმავლო ბილიკი ავტომობილებისთვის განკუთვნილი გზის ხარჯზე მოეწყო, რამაც გზის სიგანე მნიშვნელოვნად შეამცირა და მოძრაობა კრიტიკულად გაართულა.
„პრობლემა იმით დაიწყო, რომ დიდი ხანი ვითხოვდით გზისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობას. როგორც იქნა, ეს გაკეთდა, მაგრამ ბილიკი გააკეთეს ძირითადი გზის ხარჯზე. შედეგად, გზა ისე დავიწროვდა, რომ ორ მანქანასაც კი უჭირს ერთმანეთის გვერდის ავლა, მით უმეტეს თოვლის პირობებში. წარმოიდგინეთ, რა ხდება მაშინ, როცა თოვლი მოდის და გზა არ იწმინდება“, – ამბობს მირანდა ესაკია.
ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მისი განმარტებით, დაემატა პარკირების სრული ქაოსი და მოძრაობის მართვის სისტემის არარსებობა. გუდაურში არ არის განსაზღვრული საპარკინგე ზონები, არ ფუნქციონირებს ეფექტური მენეჯმენტი და არ არსებობს რეალური კონტროლის მექანიზმები, რაც ტურისტებს საშუალებას აძლევს მანქანები პირდაპირ გზაზე გააჩერონ.
„არ არსებობს სისტემა, რომელიც დაუმორჩილებელ ტურისტებს რეალურად გააკონტროლებს. ადამიანები პირდაპირ გზაზე აჩერებენ მანქანებს და მთლიანად ბლოკავენ მოძრაობას… დიახ, მათ აჯარიმებენ, მაგრამ ამ ადამიანებს ეს სულ არ აინტერესებთ – ან გადაიხდიან, ან არა. ძირითადად, რუსი ტურისტები არიან“, – აღნიშნავს ის.
მისი ინფორმაციით, ქაოსურად ჩამწკრივებული ავტომობილების გამო გუდაურში ვეღარ შედის თოვლის გამწმენდი ტექნიკა, რის შედეგადაც გზა გაუწმენდავი რჩება. ეს კი ჯაჭვურ პრობლემებს წარმოშობს.
„ერთ მხარეს ჩამწკრივებული მანქანების ფონზე ვერ შემოდის თოვლის გამწმენდი ტექნიკა, არ იწმინდება გზა და შესაბამისად, ამ გაუწმენდავ გზაზე ვერ შემოდის ნაგვის მანქანები. გუდაური სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიაქვს ნაგავს“, – განმარტავს ის.
ვრცლად bm.ge – ზე