გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემაზე მილიონები დაიხარჯა, თუმცა არ მუშაობს და არ ვიცით, სეზონი როდის გაიხსნება – Traffic Travel Georgia

ტურისტები ინტერესდებიან, როდის გაიხსნება გუდაურში სეზონი, ჩვენი პასუხია: უკაცრავად, არ ვიცით, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ტურისტული კომპანია Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ.
როგორც ცოტნე ჯაფარიძე აცხადებს, მთავარი პრობლემა, რაც ახლა გუდაურს უდგას, ხელოვნური გათოვლიანების სისტემაა, რომელიც რეალურად, რამდენიმე წელია, არსებობს, უფრო მეტიც, მის დაყენებაზე ათეულობით მილიონი ლარია დახარჯული, მაგრამ სისტემა არ მუშაობს.
„პასუხი ამ ყველაფერზე მარტივია: ისევე აქცევს ყურადღებას გუდაურის სათხილამურო კურორტს მთავრობა, როგორც, ზოგადად, მთელ ქვეყანას. შესაბამისად, სისტემა არ მუშაობს, რაც ქმნის სერიოზულ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცით, როდის გაიხსნება კურორტი. ყველა მაღალი და საშუალო დონის ევროპულ კურორტზე აყენია ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და როგორც კი ტემპერატურა სტაბილურად მინუსია, შესაძლებელია ამ სისტემის ამუშავება. გუდაურში მინუსი უკვე არის დღისითაც და ღამითაც, ნოემბრის ბოლოდან ამის საშუალებას უკვე გვაძლევს გუდაურის მდებარეობა, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
ცოტნე ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებით გუდაურში სათხილამურო სეზონის მინიმუმ ერთი თვით გახანგრძლივება შეიძლება.
„საკმაოდ უხერხული სიტუაცია იქმნება სტუმართან, რომელიც ჩამოდის სასრიალოდ კურორტზე და თოვლის ნაცვლად ტალახს ვახვედრებთ. სეზონი 3 თვე გრძელდება, ხელოვნური გათოვლიანების სისტემით კი შეგვიძლია, 4 თვემდე გავახანგრძლივოთ და ამით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მივცეთ მაღაზიებს, სასტუმროებს, ადგილობრივებს, ბიუჯეტს. ეს არის უბრალოდ დაკარგული შემოსავალი და დანაშაულის ტოლფასია, რაზეც ვიღაც-ვიღაცებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.