23 მაისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება:
„შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებისა და მისი სასამართლო პროცესის დახურულობის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, კანონისმიერი მმართველობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.
ესტონეთის სახელით გამოხატავს პოზიციას ამ ქვეყნის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარი. ის X-ის პლატფორმაზე წერს:
“ესტონეთი გმობს საქართველოს ოპოზიციის ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას. ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონები და ქმედებები უხეშად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. დემოკრატიის კიდევ ერთი ბნელი დრო საქართველოში”.
ბერგლიოტ ჰოვლანდი, ნორვეგიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში წერს:
“ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის შევიწროების გამო, მათ შორის ოპოზიციის ისეთი ლიდერის დაკავების გამო, როგორიც ზურაბ ჯაფარიძეა და პარტიების ასაკრძალავად რეპრესიული კანონების გამო. ეს თავდასხმა დემოკრატიაზე მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”.
ლიეტუველი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის “დაუყოვნებლივ გათავისუფლების” მოთხოვნით “საერთაშორისო ლიბერალის” 22 მაისის განცხადებას აზიარებს და თავის პოსტსაც ურთავს:
“დამოუკიდებლობის დღის წინ “ქართული კოშმარი” აჩვენებს რუსეთისადმი ერთგულებას. სულ უფრო მეტი ნიშანია ქვეყანაში რუსეთის ოკუპაციის გავრცელების. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ნაცვლად “ქართული კოშმარი” რუსეთსა და ბელარუსში ინტეგრაციას ახდენს”.
კოალიციის “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 8 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლისა და შემდგომ დაკისრებული გირაოს არგადახდის გამო დააპატიმრეს.
ფორუმი
