„გრიპის ვაქცინაციაზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი კვლავ ეჭვის თვალით უყურებს“ – ექიმი (bm.ge)

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა დაიწყო, თუმცა როგორც “ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის” სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” ამბობს, ვაქცინაციაზე მომართვიანობა მხოლოდ მცირედით გაიზარდა და მოსახლეობის ნაწილი კვლავ ეჭვის თვალით უყურებს გრიპის ვაქცინას.
„სეზონის დაწყების შემდეგ მართლაც შეიმჩნევა ვაქცინაციის მატება – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვები სკოლებში და ბაღებში დაბრუნდნენ, რადგან ამ პერიოდში ვირუსები, მათ შორის რინოვირუსიც უფრო ფართოდ გავრცელდა. მაგრამ ამას ვერ ვუწოდებთ დიდ ზრდას – მოსახლეობის ნაწილი კვლავ ეჭვით ეკიდება ვაქცინაციას“, – ამბობს ექიმი და დასძენს, რომ მოსახლეობის ნაწილი აცრაზე უარს ინფორმაციის ნაკლებობის ან არასწორი წარმოდგენების გამო ამბობს.
„არსებობს მშობლების კატეგორია, ვინც უბრალოდ არ ფლობს ინფორმაციას – ასეთ ადამიანებთან საუბარს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც პრინციპულად უარყოფს ვაქცინაციას. სწორედ ამიტომ საჭიროა სამედიცინო პერსონალის გადამზადება და მასობრივი საინფორმაციო კამპანიები, რათა ექიმებმა თავად შეძლონ სწორად ახსნან ვაქცინაციის მნიშვნელობა“, – აღნიშნავს ის.
მაია ჩხაიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აცრილები იყვნენ რისკჯგუფები – 0-5 წლის ასაკის ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები:
„გრიპის ვაქცინა არ იწვევს დაავადებას – ის არ არის ცოცხალი ვაქცინა და ვერ გამოიწვევს გრიპის კლინიკურ ნიშნებს. ხშირ შემთხვევაში, როცა ადამიანი ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაავადდა, ის უკვე იყო ინფიცირებული ვაქცინაციამდე“, – განმარტავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და დასძენს, რომ გრიპის გართულებები, განსაკუთრებით პნევმონია, ბრონქიტი და ოტიტი, გაცილებით საშიშია, ვიდრე ვაქცინაციასთან დაკავშირებული იშვიათი გვერდითი მოვლენები.
„არცერთი ვაქცინა არ გვიცავს ინფექციისგან 100%-ით, მაგრამ გვიცავს გართულებებისგან, და სწორედ ეს არის მთავარი“, – ამბობს ექიმი და ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობამ ოქტომბერ-ნოემბერში უნდა მოასწროს აცრა, რათა იმუნიტეტი ზამთრის სეზონზე უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდეს.