„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (HRC) შეფასებით, ბექა გრიგორიადისის მიერ კარვის გაშლის ხელშეშლის პროცესში არაერთი დარღვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ HRC-ის ანგარიშშია საუბარი, რომელიც შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მიზნით საჯარო სივრცეში კარვის განთავსების ხელშეშლის პრაქტიკას შეეხება.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდა ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციას საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში. გრიგორიადისი გამოხატავდა პროტესტს შვილის, წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით და, ამავდროულად, ცდილობდა სკვერში კარვის გაშლას.
HRC მონიტორინგს უწევს საქართველოში მიმდინარე შეკრებებსა და მანიფესტაციებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას როგორც საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების, ისე მათი მიმდინარეობისას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ქმედებების ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის შეფასებით, ბექა გრიგორიადისის კარვის გაშლის ხელშეშლის პროცესში დაფიქსირდა არაერთი პროცედურული დარღვევა და გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში უკანონო და უხეში ჩარევა.
ამავე ანგარიშში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყურადღებას ამახვილებს 5 ოქტომბერს პარლამენტის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. HRC-ის შეფასებით, ცვლილების უპირველესი მიზანია შეკრებებისა და დემონსტრაციების დროს დროებითი ნაგებობების, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვების გამოყენების აკრძალვა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლა არის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილი, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გარეშე.
მათივე შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვისთვის საჭირო წინაპირობებს.
შესაბამისად, HRC რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს:
· კანონშემოქმედებით პროცესში თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესებისგან.
· შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების, ანდა ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკსრი ვალდებულებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.
HRC რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც:
· არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად განათავსონ და გამოიყენონ კარავი პროტესტის გამოსახატად.