გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო, კერძო და აკადემიური სფეროების წარმომადგენლებისათვის ღასან ხალილის ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო კურსი ჩატარდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო, კერძო და აკადემიური სფეროების წარმომადგენლებისათვის გრუნის პროფესორის, დოქტორ ღასან ხალილის ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო კურსი ჩატარდა. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის პრინციპებსა და პრაქტიკას, შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადაპტაციური და სიტუაციური ლიდერობა, ემოციური ინტელექტი, რეფლექსიის როლი ლიდერის განვითარებაში, ცვლილებების მართვა, გუნდის წარმატებით გაძღოლა ორგანიზაციაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თითოეულ მონაწილეს სხვადასხვა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობისას გამოადგება.
„კურსი მოიცავდა ლიდერული უნარებისა და კომპეტენციების შესახებ 20 ძირითად თემას, ასევე, მნიშვნელოვან სიახლეებს სხვადასხვა გამოცდილებისა და განათლების მქონე პირებისათვის.
სასწავლო კურსში მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.
საერთაშორისო ლიდერობის კურსი 1-ელ დეკემბერს, ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის შესახებ საჯარო ლექციითა და პანელური დისკუსიით დასრულდა, რის შემდეგაც მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.