მკვეთრი მოძრაობები ჯაშუშების მიმართულებით, ე.წ. სატელევიზიო დაკავებები კამერების წინ, აუცილებლად იწვევს სარკისებურ ეფექტს – ამის უფლებას თავს მხოლოდ ძალიან დიდი და განვითარებული ქვეყნები აძლევენ და იღებენ ადეკვატურ, სარკისებურ რეაქციას მეორე ქვეყნიდან, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
ამ კონტექსტში ლილუაშვილმა ახსენა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი და დაასახელა რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ეპიზოდი.
„მკვეთრი მოძრაობების გაკეთება ჯაშუშების მიმართულებით, ე.წ. სატელევიზიო დაკავებები კამერების წინ, ეს აუცილებლად იწვევს სარკისებურ ეფექტს. ჯაშუშის დაკავება დემონსტრაციულად, კამერების წინ ან პოლიტიზება თემის – ამის უფლებას თავს აძლევენ მხოლოდ ძალიან დიდი და განვითარებული ქვეყნები და იღებენ ადეკვატურ, სარკისებურ რეაქციას მეორე ქვეყნიდან, ზუსტად იგივე ზომებით ან უფრო მკაცრი ზომებით.
მსოფლიოში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ტენდენცია არის ჯაშუშური ქსელის გამოვლენა, მათი მოქმედებების გაშიფვრა და საკუთარი ინტერესებით მართვა. მათ შორის დეზინფორმაციის მიწოდება, ორმაგ თანამშრომლობაზე დათანხმება, დაყოლიება, ან არის ისეთი ზომებიც, რომელიც იძულებულს ხდის გაშიფრულის მფლობელს, აგენტურა უკან გაიწვიოს. ეს ხდება ტელევიზიის და კამერების გარეშე.
რა პროცესიც განვითარდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კარგად ვიცით – საქონლის გადასაზიდ თვითმფრინავებში შეყრილი ჩვენი თანამოქალაქეები, 200 000 კაცი როგორი პატივის აყრით და დამცირებით გამოგვიყარეს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.