დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მისასალმებელია. ევროპულ კავშირს სურდა, ეჩვენებინა, რომ ის მოქმედებს – „ქართული ოცნებისთვის“ არ მუშაობს არც დრო და არც რომელიმე ინსტიტუტი, ან კერძო პირი – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპულ კავშირს აქვს ბიუროკრატიული სიძნელეები, რადგან უნგრეთი და სლოვაკეთი, ბლოკავს რიგ გადაწყვეტილებებს და ამ ფონზე მას „შედარებით ნელა სიარული უწევს“.
„კარგია, რომ ირაკლი კობახიძეს გააჩნია ფსიქოლოგიური მზაობა, იმიტომ, რომ ძალიან მალე თეირანის, მოსკოვისა და პეკინის გარდა, ყველგან ივლის ვიზით. მივესალმები, რომ მზადაა. კარგია, რომ მერე არ მოუწევს შეგუება, უკვე წინასწარ ეგუება საკუთარ ბედს. ჩემთვის მთავარია, რომ ქართველ ხალხს არ უწევდეს ვიზით სიარული, არც ევროპულ კავშირში და არც სხვა სახელმწიფოებში. ჩვენი მიზანია, რომ არათუ ევროპულ კავშირში, არამედ აშშ-შიც დადგეს დრო და ქართველი შედიოდეს უვიზოდ. ეს არის მიღწევადი, არის შესაძლებელი. როგორც კი ამ მავნებელ ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ, ვიმუშავებთ მათ შორის ამაზეც, რომ აშშ-სთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ქართველებს შეეძლოთ ამერიკაში უვიზოდ შესვლა. ევროპულმა კავშირმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი გადაწყვეტილება [ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება] პირველად გამოიტანა და გამოიტანა ჩვენთვის. ევროპულ კავშირს სურდა, ეჩვენებინა, რომ ის მოქმედებს და სანქციების გარდა, ისედაც დაიწყო მოქმედება. ევროკავშირმა პირველი ნაბიჯები გვაჩვენა და „ქოცებისთვის“ შექმნა ისეთი ტიპის მექანიზმი, რაც აქამდე არც კი არსებულა, ამიტომ ეს მისასალმებელი ნაბიჯია. ბუნებრივია, ევროპულ კავშირს აქვს ბიუროკრატიული სიძნელეები, მათ შორის, ის რომ ადგილობრივი „ქოცები“ – უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ ხოლმე რიგ გადაწყვეტილებებს და ამ ფონზე ევროპულ კავშირს, რიგ საკითხებში, უწევს ხოლმე შედარებით ნელა სიარული, თუმცა ამის მიუხედავად მათ ბევრი ნაბიჯი გადადგეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. დრო და ისევე როგორც ყველაფერი, მუშაობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამდენი თვის თავზე არცერთ სახელმწიფოს „ქართული ოცნება“ არ უღიარებია. არცერთი რეალური დელეგაცია მათ არ ჰყოლიათ. არცერთი მიღწევა საერთაშორისო ასპარეზზე მათ არ ჰქონიათ და ფაქტობრივად, გრძელდება არაღიარებისა და სანქციების პოლიტიკა. ამიტომ „ქართული ოცნებისთვის“ არ მუშაობს არც დრო და არც რომელიმე ინსტიტუტი ან კერძო პირი.
ასევე, ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს გადასცა, ძალიან სამწუხაროა. განურჩევლად იმისა, რას გადაწყვეტს, საკითხის ასე დაყენება ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის დაცემული აბსოლუტურად ნულოვან ნიშნულზე. არასდროს მსგავსი საკითხი ცივილიზებულ, ნორმალური სახელმწიფოს შემთხვევაში არ დგება. როცა ასეთი ინსტიტუტი შენზე სვამს კითხვებს უნდა იყოს თუ არა დელეგაცია საერთოდ აქ, დარბაზში, ეს არის შენ შესახებ დასმული ფუნდამენტური კითხვა. ამ კითხვაში იკითხება – ხარ თუ არა საერთოდ საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის ნაწილი, თუ ხარ ირანის, ჩინეთისა და რუსეთის ღირებულებითი ბლოკის ნაწილი. ეს არის კითხვა, რომელიც სტრასბურგში ჩვენ შესახებ დაისვა.
რაც შეეხება თეა წულუკიანის გამოსვლას, თეა წულუკიანი დატოვებდა საშინელ შთაბეჭდილებას ასამბლეის ყველა წევრზე. რა შთაბეჭდილება შეიძლება დატოვოს თეა წულუკიანმა ვინმეზე? საშინელი! თეა წულუკიანი არ არის ისეთი სულელი, მან გადასარევად იცის, რომ მათ მიიღეს 39%, ჩვენ მივიღეთ 51%. „ქართულმა ოცნებამ“ არარსებული ხმების 11-13 % დაიმატა. მათი „რეალური“ პროცენტი არის 39%, ჩვენი, ოთხივე კოალიციის არის 51% შესაბამისად, ეს ძალიან კარგად იცის და ის არის ჩვეულებრივი, რიგითი აფერისტი, როცა ასე საუბრობს. მაგრამ მთავარი მანდ არის მეორე. როცა ქართველი ხალხის დასჯის ამბით მანიპულირებს, პრევენციულად ჩვენს ახლო პარტნიორებს აბრალებს ქართველი ხალხის დასჯის წყურვილს. ქართველი ხალხი ისჯება იმით, რომ მართავენ იდიოტები, ეს არის სასჯელი!“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება ქონებრივი დეკლარაციების შევსებაზე მოთხოვნას, გეგელიას თქმით, „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა დეკლარაციები გუშინ შეავსეს.
„მე კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ შეწყდეს მანდატები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს განცხადება გაკეთებული, ეს უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს ამ გაურკვეველ კონსტიტუციურ წარმონაქმნთან. არაფერი საპარლამენტო იმ შენობაში არ ტრიალებს. გარდა სახელმწიფოებრივი გადატრიალებისა, იმ შენობაში არ ხდება. ჩვენ არ ვიქნებით სახელმწიფო გადატრიალების ნაწილი.
ჩვენ შევავსეთ დეკლარაციები. გუშინ იყო ბოლო დღე. ის არანაირ კავშირში არაა ლეგიტიმაციასთან, ის არის ანგარიშვალდებულების ფორმა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენ საზოგადოების წინაშე ვართ ანგარიშვალდებულნი და შესაბამისად, შევავსეთ ეს დეკლარაციები. ჩვენ არ ვაპირებთ „ქართულ ოცნებას“ მივცეთ ერთით მეტი ბერკეტი ჩვენ წინააღმდეგ არამართლზომიერი ბრძოლისა. მათ შეუძლიათ დამატებით სისხლის სამართლის საქმეები აღძრან ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც მე არ მგონია გამართლებული. არცერთი დეპუტატი არ ვიღებთ ხელფასს. ეს არის საზოგადოების ფული და უნდა იცოდნენ ვიღებთ თუ არა მათი სახელით გასამრჯელოს და არაფერს არ ვიღებთ, არცერთი თეთრი არ ჩაგვრიცხვია ხელფასის სახით!“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.