გრიგოლ გეგელია – ვისაც არ უნდა აძლევდეთ ხმას, გამოიყენეთ თქვენი ხმა – თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას და ლავროვს ხაზავს

ყველამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ვისაც არ უნდა აძლევდეთ ხმას, გამოიყენეთ თქვენი ხმა. თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ დგას და ლავროვს ხაზავს, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, „ლელო“ ამ დროისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებებში ჩართული არაა.
„ამ მომენტისთვის „ლელო“ არავითარ მოლაპარაკებაში არაა ჩართული, მითუმეტეს, საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებებში. ჩვენ ძალიან ნათლად გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენთვის საინტერესოა შუა საქართველოს აქტიურობა, ყველა ისეთი ადამიანისა, ვინც ორი პოლუსის წინააღმდეგია, რომელიც საბრძოლველადაა განწყობილი, რომ რუსების შემოსევა, ს ხელისუფლება დამთავრდეს, იმისათვის, რომ გაზრდილი ფასები, კონტროლს მიღმა დარჩენილი რუსული მიგრაციის ნაკადი შეწყდეს, რადგან დიახ, ამან გაზარდა ფასები, დიახ, ქართველები გადიან ქვეყნიდან მაშინ, როცა რუსები შემოდიან, მათ აძლევენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი მიზანი ივანიშვილის დამარცხება და ამისთვის სწორი კონფიგურაციის ხელშეწყობაა. თუ ჩვენ ასეთს დავინახავთ ჩვენი თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამასთან დაკავშირებით შეიტყობს, მაგრამ ამ მომენტისთვის, ამ კუთხით რამე ხელშესახები სიახლე, ან მოლაპარაკება არ გვაქვს, თუმცა, არსებობენ ადამიანები და მხარეები, რომლებიც უფრო საინტერესო პარტნიორები არიან, ვიდრე ზოგიერთი სხვა. ჩვენ პოტენციურად არ ვართ ისეთ რეჟიმში, სადაც არ განვიხილავთ საერთოდ ვიღაცასთან ურთიერთობას, მაგრამ კონკრეტულად ამ წამს არავითარი მოლაპარაკებები „ლელოს“ არ აქვს“, – განაცხადა გეგელიამ.
ის საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„არანაირი სახელმწიფო დღეს აღარ არსებობს, დღეს არსებობს ბიძინა ივანიშვილის სახალიფო თუ საფაშო, ეს უნდა დავამთავროთ წელს, შემოდგომაზე. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიმუშაოთ ორი კუთხით. პირველი, არნახული ოდენობით ხალხი უნდა გამოვიდეს, ეს არის შანსი ყველასათვის, რომ საკუთარი ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, რადგან თუ ბევრი ადამიანი გამოვა, არჩევნები ვერ გაყალბდება. რაღაც დონეზე შეიძლება გაყალბებას შეეცადონ და აუცილებლად შეეცდებიან, აუცილებლად რაღაც ნიშნულს გააყალბებენ, რაც გამოუვათ, მაგრამ დიდი მობილიზების შემთხვევაში, არჩევნებს ვერ გააყალბებენ, ეს არითმეტიკულად გამორიცხულია. ამიტომ ყველამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ვისაც არ უნდა აძლევდეთ ხმას, გამოიყენეთ თქვენი ხმა, თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას და ლავროვს ხაზავს. დიახ, თქვენს ხმას ხაზავს, ბიულეტენს იღებს ივანიშვილი ლავროვის და პუტინის შემოსახაზად. თუ ყველა გამოვა და საკუთარი ხმის უფლებას გამოიყენებს, ვერ გაყალბდება ეს არჩევნები, გამოდით და მიეცით ხმა.
მეორე – ბერლინში, ბრიუსელში, უამრავ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ორმხრივი შეხვედრები გვქონია, ყველგან გვაქვს წარმომადგენლების საკითხი დაყენებული. ყველა სახელმწიფოს კარგად ესმის, რომ დიდი რაოდენობით დამკვირვებლები უნდა გამოგზავნონ, ამას ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი