გამარჯვება არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა! საკმარისია იხილოთ ხელისუფლების ბოლო ჟამის სია, რათა დარწმუნდეთ რა კომიკურად სრულდება რუსული ხელისუფლება საქართველოში , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენას.
მისი თქმით, „დღეს მთელმა საქართველომ ხელახლა გაიგო, რომ “ქართული ოცნება” არის ტოტალურად გაკოტრებული ძალა, რომელმაც არცერთი დაპირება არ შეასრულა და ახლა დიქტატურის გარდა წინასაარჩევნო დაპირებაც კი აღარ დარჩა”.
“ეს არის ძალა, რომელსაც ერთადერთი ისღა დარჩენია, სარკოფაგით ატაროს ბელადის მუმია. მასზე უკეთეს დიდი ხანია ვეღარაფერს სთავაზობს საზოგადოებას, რომელსაც უმძიმესი პრობლემები უდგას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მათი ერთადერთი დაპირებაა დიქტატურა. ჩვენი დაპირებაა ძლიერი საქართველი, 1000 ლარი პენსია, დაჩქარებული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. პერსპექტივა და პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას.
ამიტომ, ეს არის ძალა, რომელიც 40 დღეში მწარედ მარცხდება. ჩვენ კი, როგორც ერი, ვართ ძალა, რომელიც იმარჯვებს სიბნელეზე და იწყებს დაუღალავ შრომას ამ ქვეყნისათვის.
წინ გამარჯვებისკენ! დიდება საქართველოს!“, – წერს გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში.