„ქართული ოცნების“ სამხილებლად თეა წულუკიანს უნდა დაუჯდე არარსებულ კომისიაში? ე.წ. პარლამენტში უნდა მივიდე, დავჯდე და თეა წულუკიანის ეგოს შოუში უნდა მივიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ სიყალბე ვამხილო? ან სოზარ სუბარს დავასმევინო კითხვა ჩემი ან ვინმეს მიმართ? გიორგი გახარია გუშინ ფარსში მონაწილეობდა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ყოფილი შს მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას გამოეხმაურა.
გრიგოლ გეგელიას თქმით, გიორგი გახარიამ „ე.წ. კომისიის“ წინაშე წარსდგომით, „ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა“.
„გიორგი გახარიამ ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა გუშინ, როდესაც ე.წ. კომისიის წინაშე წარსდგა. ბერდია სიჭინავამ, პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს კომისია არის ფარსი. შესაბამისად, ამ პარტიას ორგვარი პოზიცია აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს კომისია არის ფარსი და გიორგი გახარია გუშინ მონაწილეობდა ფარსში. ეს დაწერა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო სწორი. ეს კიდევ ბერდია სიჭინავამ დაადასტურა. მანვე თქვა, რომ ეს არის „ნახევარი სიმართლის“ კომისია. „ნახევარი სიმართლის“ კი არა, სრულად სიცრუის კომისიაა. ეს არის სამარცხვინო კომისიაა, მაპატიეთ, მაგრამ „პოლიტიკური მეძავებით“ დაკომპლექტებული კომისიაა. სოზარ სუბარი რა არის თუ არა „პოლიტიკური მეძავი“, რომელიც ყველა რეჟიმის დროს პოლიტიკურ პროსტიტუციას ეწეოდა? მაპატიოს საზოგადოებამ, ზუსტად ასე უნდა ითქვას. მაგ კაცს ამ ქალაქის ქუჩებში თავი არ უნდა გამოეყოფოდეს. მოყოლებული 90-იანებიდან ყველა რეჟიმთან, ყველა გავლენის წყაროსთან, აი, ამ ტიპის ურთიერთობაში იყო, რაც ახლა ვახსენე და მეოთხედ აღარ გავიმეორებ. სოზარ სუბარმა ვინმე უნდა გამოკითხოს?
„ქართული ოცნების“ სამხილებლად თეა წულუკიანს უნდა დაუჯდე არარსებულ კომისიაში? რატომ? „ფეისბუქით“ ვერ ახერხებს მხილებას? ან ტელევიზიით, ან ამომრჩეველთან შეხვედრით? სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით, რომელიც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს? ე.წ. პარლამენტში უნდა მივიდე, დავჯდე და თეა წულუკიანის ეგოს შოუში უნდა მივიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ სიყალბე ვამხილო? ან სოზარ სუბარს უნდა ვუყურო, იმისათვის, რომ სოზარ სუბარს დავასმევინო კითხვა ჩემი ან ვინმეს მიმართ?
ამ კომისიის ლეგიტიმურობას ვერაფერი შექმნის, მაგ კუთხით პრობლემა არ გვაქვს. ის, რაც არის მკვდრადშობილი, ასეთად დარჩება. ვერც გიორგი გახარიასა და ვერც იესო ქრისტეს იქ მისვლა ამ კომისიას ვერ აქცევს ლეგიტიმურად, რადგან ლეგიტიმური კომისია შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ისეთ პირობებში იქნას მიღებული, როდესაც მას წინ უსწრებდა ლეგიტიმური არჩევნები. ეს რისკი არ დგას. კომისია, რა თქმა უნდა, არის სასაცილო, ფარსი, უბრალოდ, გახარიამ გამოაჩინა ორმაგი სტანდარტი, სავარაუდოდ, შიშის გამო. იმ შიშის გამო, რაც სხვებმა გვერდით გადადეს. მოდი, ამასაც სახელი ერქვას. ამ ქვეყანაში მთელმა რიგმა პოლიტიკურმა ლიდერმა გვერდით გადადეს სხვა ყველაფერზე ფიქრი. მათ შორის, ეგოზე ფიქრი, სისხლის სამართლის დანაშაულის თანმდევ შედეგებზე ფიქრი და სტაბილურობაზე ფიქრი. დღეს, ამ ქვეყანაში იყო პოლიტიკოსი, ვერც ერთი კუთხით ვერ გაუტოლდება სტაბილურობის ვითარების შენარჩუნებას. ეს გახარიასაც ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, როგორც ბევრს სხვა ლიდერს, რომლებიც ამ ე.წ. კომისიაზე მიიწვიეს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება ბერდია სიჭინავას კონტრკითხვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით, რომ თუ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაა პრობლემა, თავად რატომ მიდიან „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ სასამართლოში, რომელიც ასევე ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს წარმოადგენს, აღნიშნულის საპასუხოდ გეგელიამ დასძინა: „მაშინ რატომ იხდიან გიორგი გახარია ან ბერდია სიჭინავა თვის ბოლოს გადასახადებს?!“
„რაც შეეხება ბერდია სიჭინავას „კონტრკითხვას“, ეს არ არის კონტრკითხვა, ეს არის დემაგოგიური კითხვა. ბერდია სიჭინავა წითელზე რატომ აჩერებს? მაშინ, კონტრკითხვად ამას დავუსვამ. თვის ბოლოს გადასახადებს რატომ იხდის, ამ სახელმწიფოს არ უხდის? დენის ქვითარი რომ მისდის ბერდია სიჭინავას ან გიორგი გახარიას, ამ გადასახადს რატომ იხდიან? შუქნიშანს რატომ სცნობენ? არ ვიცი, რომელი ერთი ვახსენო, რასაც ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვაკეთებთ.
ლეგიტიმურობის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, 2024 წლის 26 ოქტომბრის ე.წ. არჩევის შედეგით მიღებულ პოლიტიკური ხელისუფლებას და მის გადაწყვეტილებებს, მათი ლეგიტიმურობის არაღიარებასა და ამ ყველაფრის ეჭვ ქვეშ დაყენებას ეხება. ჩვენ ხომ არ გვაქვს იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფოს საერთოდ აღარ ვცნობთ? ჯერ კიდევ გაგვაჩნია სახელმწიფო, რომელიც დღეს ავად არის, ავტორიტარული სენი აქვს შეყრილი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო გაგვაჩნია ხომ? სასამართლო 33 წელია ეგრეა, მათ შორის გიორგი გახარიას დროს ზუსტად ასე იყო. რა ვიცი, მაშინ უნდა ავდგეთ და გიორგი გახარიას კიდევ დამატებით კითხვები დავუსვათ? მზად ვართ და ეს კითხვები დაგვისვამს კიდეც“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება პასუხს კითხვაზე, სამომავლოდ როგორც გაგრძელდება „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მუშაობა გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლის შემდეგ, გეგელიამ აღნიშნა, რომ ის ვერ ისაუბრებს პლატფორმის წევრი პარტიების ნაცვლად. მისივე თქმით, გახარიას გუნდი „სისტემურად აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის ერთობას ადგილი არ ჰქონოდა“.
„აქ საუბარი არ არის პარტიების გაერთიანებაზე. ეს არც მე და ყოველ შემთხვევაში, არც ჩემი კოალიციის უმეტესობას არ უნდათ. პარტიული გაერთიანება რაღაც ერთი ქოლგის ქვეშ, არ ყოფილა არავის ამოცანა. მაგრამ ჩვენ ვთანამშრომლობდით ძირითადი პრინციპების ირგვლივ. სამწუხაროდ, დრო დადგა, პირდაპირ დაერქვას სახელი ყველაფერს. ბატონი გიორგი გახარია და მისი გუნდი სისტემურად აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის ერთობას ადგილი არ ჰქონოდა. ამიტომ, ჩემთვის რაღაც ახალი არ მომხდარა. უბრალოდ, წინა თვეებში ამაზე არ ვლაპარაკობდი რიგი მიზეზების გამო, ახლა უფრო მკაფიოდ ვამბობ. 4-5 ოპოზიციური ძალისა და პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილის] სახელით მე ვერ ვილაპარაკებ კონსულტაციების [გარეშე]. ჩემს პოზიციას გეუბნებით. მე მაგალითად, თვეებია ვმუშაობ საგარეო ჯგუფში. ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ყველამ იცის. ყველაზე კარგი მოდელია ოპოზიციის თანამშრომლობის. 5 თვიდან ყოველი დღე ჩვენ ვთანამშრომლობთ. მე არც „ლელო“ დამიტოვებია, არც „ლელო“ შესულა სადმე, ვარ კვლავაც „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი. 5 თვეა სხვა პარტიებთან ვთანამშრომლობთ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ირგვლივ. გიორგი გახარიას პარტია თან თანამშრომლობდა თან არა, მომენტებში უფრო მეტად, მომენტებში ნაკლებად. ობიექტურობისთვის ორივე ნაწილი უნდა ითქვას, მაგრამ პრინციპულად მისი მიდგომა ყველა ჯერზე, სადაც და როცა შეეძლო, ამ ერთობაში, რაც შეიძლება ნაკლებად ყოფნა იყო. იმ დონეზე, რომ გიორგი გახარიას ხელი არ მოუწერია არც ერთ საგარეო დოკუმენტზე, რომელსაც სამი სხვა კოალიციის თავმჯდომარეები აწერდნენ ხოლმე ხელს. მათ შორის ბრიუსელში გაგზავნილ წერილზეც. დადგა დრო, ვილაპარაკოთ ღიად და მკაფიოდ, ცივილიზებულად. არც ერთ წერილზე, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ, გიორგი გახარიას ხელი არ მოუწერია, ეს ნორმალურია? ჩემთვის არა. დანარჩენი განსაჯონ მოქალაქეებმა და ჩვენმა ამომრჩეველმა. პარტიის ხელმოწერა ზოგ წერილს ჰქონდა, ზოგს არა. დიდი ბოდიში, მაგრამ გიორგი გახარია არის ზომით მეოთხე პარტია დღეს საქართველოში, ე.წ. არჩევის შედეგად თუ ვიმსჯელებთ. სხვა შედეგები სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. როდესაც შენზე წინ მყოფი, შენზე უფრო დიდი სამი პოლიტიკური სუბიექტის თავმჯდომარე ხელს აწერს, შენ უნდა შეგეძლოს, გამოიჩინო იმდენი პროფესიონალიზმი, ჩემი აზრით, რომ ხელი მოაწერო. ეს არის პრინციპის საკითხი. აქამდეც იყო არაერთგვაროვანი ქმედებები. რატომ? იმიტომ, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი არ გამოსულა წინასაარჩევნო რეჟიმიდან. მინდა მათ შევახსენო, არჩევნებს თუ არ მივაღწევთ, წინასაარჩევნო რეჟიმი დაგრჩება სახლში. სახლში გიორგი გახარია წინასაარჩევნო რეჟიმში იქნება თუ არა, ეს მოქალაქეებს არ აინტერესებთ“,- განაცხადა გეგელიამ.
გეგელიამ ასევე, ისაუბრა „ქართული ოცნების“ განცხადების შესახებ, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდება, რის გამო „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის’“ ადგილობრივ არჩევნებამდე აკრძალვა ვეღარ მოხდება და ეს საკითხი დროში გადაიწევს. გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ბედითა და პოლიტიკური სისტემის ბედით თამაშობს“.
„მგონი, როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ბედით, პოლიტიკური სისტემის ბედით თამაშობს. ამ ადამიანებს არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ, არანაირი სახელმწიფოებრივი ზნეობა არ გააჩნიათ. ისინი არიან უბრალოდ შულერები, შარლატანები, რომლებიც გააკეთებენ ყველაფერს, რასაც ეტყვის რუსეთი და ბუნებრივია, ბატონი ბიძინა. რეალურად, მათ პოლიტიკურ კალენდარს დიდ ყურადღებას არ მივანიჭებდი. თუ უნდათ პარტიების აკრძალვის მცდელობა, თუ უნდათ, რომ მილიონზე მეტი ქართველის რჩეული პოლიტიკური ძალები აკრძალონ, ახლავე დაიწყონ. მათ შანტაჟს არავინ არსად არ მიჰყვება, არავინ არ გავა თვითმმართველობის არჩევნებზე ამის გამო. ისინი როგორც ყოველთვის, ცდილობენ სიტუაციით იმანიპულირონ“,- განაცხადა გეგელიამ.
ამავე თემაზე საუბრისას გეგელიამ დასძინა, რომ „როგორც მე ახლა აქ ვზივარ და ამ გადაცემაში ვარ, ასეთი სიმყარით გეუბნებით, რომ წელს ჩაინიშნება და ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები“.
