გრანტის მითვისების საქმეზე კიდევ 4 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლისას გამოავლინა დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი.
სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 4 პირი.
„სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე „ელიტმშენის“ და კოოპერატივი „ქართული ბოსტნეულის“ ხელმძღვანელი პირები დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ასევე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების, 167 918 ლარის ფიქციური დღგ-ს აქტივის შექმნისა და 2 000 ლარის ბიუჯეტიდან მოტყუებით დაუფლების ფაქტები“, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, კოოპერატივი და დაქირავებული კომპანია ერთმანეთთან შევიდნენ გარიგებაში, კერძოდ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხის, 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით, „ელიტმშენმა“ კოოპერატივ „ქართული ბოსტნეულს“ გამოუწერა ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა 1 100 800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე და შესაბამისი ყალბი სასაქონლო ზედნადები სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდების შესახებ, თუმცა არანაირი სამუშაო არ შესრულებულა.
თავის მხრივ, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კოოპერატივმა მიიღო დღგ-ის ფიქციური ჩათვლა 167 918 ლარის ოდენობით, საიდანაც დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიბრუნეს დღგ-ის თანხა 2 000 ლარი და დამატებით ცდილობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღგ-ის ზედმეტობის თანხის ფიქციური აქტივის 100 000 ლარის დაბრუნებას, რაც საგამოძიებო სამსახურის დროული ჩართულობით ვერ განახორციელეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტების მითვისების საქმეზე მანამდე 21 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში.