ისტორიკოსი, პროფესორი გოჩა საითიძე:
ჩემი უმძიმესი სამუშაო გრაფიკის გამო, გუშინ ვერ მოვახერხე, მომელოცა თქვენთვის ნებისმიერი ერისა, თუ კონკრეტული ინდივიდისთვის ყველაზე ძვირფასის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე!
ორი ყველაზე ბედნიერი თარიღი მაქვს ცხოვრებაში – 1991 წლის 9 აპრილი და ჩემი შვილების დაბადების დღე! ამათზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია!
უკვე ვეღარც ვითვლი, თუ მერამდენედ ვწერ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს საქართველო 9 აპრილს უნდა ზეიმობდეს!!! ხოლო ასევე ძალიან ძვირფასი 26 მაისი უნდა იყოს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების დღე!
ახლაც ჟრუანტელი მივლის იმ მომენტის გახსენებაზე, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ის ისტორიული სიტყვები წარმოთქვა! იმ დღეს ჩვენ საბჭოთა-რუსულ მონსტრს ერთი კონკრეტული ბრძოლა მოვუგეთ და აღვიდგინეთ 1921 წელს დროებით დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ კომუნისტურმა რუსეთის იმპერიამ წაგვართვა…
დღევანდელი დღესავით მახსოვს, რა ბედნიერი იყო მაშინ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი… იმდენი ხალხი იყო, რომ ადამიანები მხატვრის სახლის სახურავზეც კი იდგნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალს მოვლენებს…
ზუსტად ორი წლით ადრე, 1989 წლის 9 აპრილს, რუსმა დამპყრობლებმა არაერთი ადამიანი სწორედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილის გამო მოკლეს და დაასახიჩრეს!
არასდროს დამავიწყდება რუსი ჯარისკაცების გაბოროტებული, სიძულვილით სავსე სახეები და ღამის განათების შუქზე მოლაპლაპე ალესილი ნიჩბები… რუსთაველზე მყოფი რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელთაგან ყველა მზად იყო, მტერს შეკვდომოდა და თავისუფლებისთვის თუნდაც საკუთარი სიცოცხლე გაეღო!
1991 წელს ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ (და უკვე მერამდენედ!) შეძლო იძულებით შეწყვეტილი სახელმწიფოებრივი ცხოვრების განახლება! შესაბამისად, ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ჩვენ სახელმწიფოს, დაუღალავად ვიღვაწოთ მის საკეთილდღეოდ!
სამწუხაროდ, ძალზე მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის, პოსტჰომო სოვიეტიკუსებისთვის, საშინელი საბჭოური აზროვნების შეცვლა! მოსეს 40 წელიც არ ეყოფა კოლექტიურ-მონური ფსიქოლოგიის აღმოფხვრას! არადა, უკვე 35 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ!
მინდა, მოგმართოთ საბჭოთა კავშირში მენტალურად ჩარჩენილო პოსტჰომოსოვიეტიკუსებო, ახალი დროის ორჯონიკიძეებო და მახარაძეებო, ე.წ. “ხელისუფლებით” დაწყებული, მისი სათამაშო მარიონეტებით – “ჯიბის” დამრბევი მილიციელებით, პროკურორებით, მოსამართლეებით, ცრუ მოწმეებით, ტიტუშკებით, პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მომუშავეებით, „ჯიბის წითელი ინტელიგენციით“, მიამიტი, ზოგჯერ გაუნათლებელი, კრიტიკული აზროვნების უნარის არმქონე, სუპიხვრეპია ხალხის დამაზომბირებელი ვაი-სასულიერო პირებით და ა.შ. – დამთავრებული, რომ, დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, არ გამოგივათ აქ რუსეთის, ბელორუსის, ჩრდილოეთ კორეისა და თურქმენეთის მსგავსი “მიწიერი სამოთხის” მოწყობა!
ადამიანები, რომლებიც დღეს, დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფოში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მომწყობად ღია აგრესორს – საბჭოთა რუსეთს/კავშირს ცალსახად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვერ/არ დაასახელებენ, ვერ გაბედავენ, განაცხადონ, რომ რუსეთი ოკუპანტია და მისმა ჯარებმა დაარბიეს და დახოცეს 1989 წლის 9 აპრილს ქართველი ხალხი, არც სახელმწიფოს მოქალაქედ უქნია ღმერთს და არც – ადამიანად!… ისტორია თქვენ აუცილებლად მიგიჩენთ კუთვნილ ადგილს, იქ, სადაც იმსახურებთ!
მინდა მჯეროდეს, რომ აუცილებლად ახდება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და სანუკვარი ოცნება – ვიქცეთ თავის-უფალი, თავის-უფალი, თავის-უფალი ადამიანების საზოგადოებად!




