გამიკვირდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და„რუსთავი 2“ არ მოჰყვნენ სანქციებში, რადგან დეზინფორმაციის კამპანიაში მათი წილიც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა გოტა ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ტელეკომპანიების – „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჭანტურიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ზოგადად დეზინფორმაციის გავრცელებაზე დგას.
„ეს სანქცირება ძალიან მნიშვნელოვანია რეპუტაციული ზიანის თვალსაზრისით. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. გამიკვირდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და „რუსთავი2“ არ მოჰყვნენ სანქციებში, რადგან მათი წილიც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, „ქართული ოცნება“ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაზე დგას. ნახეთ, როგორ აქტიურად დაიწყეს დიდ ბრიტანეთზე დეზინფორმაციის გავრცელება.
უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ „იმედი და „POSTV“-ი ავრცელებდნენ და დღესაც ავრცელებენ დეზინფორმაციას. თვითონ მოსახლეობის ინტერესიც იყო, მათი დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა. რეალურად, ტრაგიკულია, რომ ქვეყანაში ეს მოცემულობა გვაქვს“, – განაცხადა ჭანტურიამ.
მისი განმარტებით, დღეს ხელისუფლებას უდიდესი ფინანსური რესურსი, გავლენები აქვს და ზურგს ძალოვნები უმაგრებენ, ამიტომ საჭიროა პროპაგანდას სიმართლე დაუპირისპირონ.
„ნებისმიერ ვარიანტში, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაგრძელოთ სიმართლის თქმა. რაც დავიწყეთ ის პროტესტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინ, ფაქტობრივად, პროპაგანდის წინააღმდეგ გარკვეულ მოძრაობად გადავაქციეთ“, – განაცხადა ჭანტურიამ.
გარდა ამ საკითხისა, მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის ელჩის დაბარება და ის ფაქტი შეაფასა, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბიშვილმა, ესტონეთის ელჩის, მარგე მარდისალუ-კაჰარისგან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდამჭერი განცხადების გამო, განმარტება მოითხოვა. გოტა ჭანტურიას განმარტებით, ესტონეთის ელჩის დაბარება „არაადეკვატური საქციელია“.
„ზოგადად, განათლების სისტემა და ეს ცვლილებები თავისთავად უკვე არის პოლიტიზებული, რადგან არ შეიძლება ეს ასე დაჩქარებულად მოხდეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ფაქტობრივად ხურავენ. თქვეს, რომ 95%-ით უმცირდება კონტინგენტის მიღება. ელჩმა მხარდაჭერა გამოხატა და სოლიდარობა გამოუცხადა უნივერსიტეტს, რომელსაც ანგრევენ, ხურავენ, ანადგურებენ და რომელთანაც ესტონეთს თანამშრომლობა ჰქონდა. ჩვენ მათგან, როგორც ქვეყანას არაერთი მხარდაჭერა მიგვიღია. ესტონეთი განათლების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, ძალიან დიდი საუნივერსიტეტო ისტორია აქვს და ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობდნენ. არ ვიცი, სოლიდარობის გამოცხადება როდის აქეთ გახდა დასჯადი. ძალიან უცნაურია, ამას რეფორმა არ ჰქვია, ნგრევა და მავნებლობა ჰქვია. თვითონ რომ რეფორმას ეძახიან, ამის მიმართ კრიტიკა როდის აქეთ გახდა დასჯადი? ესტონეთის ელჩს აქვს უფლება, მისი დასაბუთებული კრიტიკა გამოხატოს“, – განაცხადა ჭანტურიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, გოტა ჭანტურიამ აღნიშნა, რომ მათი მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ პარტიად გარდაქმნისთვის ემზადება.
„ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, არ ვიცი, „ქართული ოცნების“ თავში რა იხარშება. ამ მოცემულობით წარმოუდგენელი იქნება, რადგან ადამიანებს ტროტუარზე დგომის, აზრის გამოხატვის გამო აპატიმრებენ. ყველანაირი სივრცე შეზღუდულია. მაგალითად, ჩვენ როგორც მოძრაობას, ფაქტობრივად აკრძალული გვაქვს დავრეგისტრირდეთ როგორც პარტია, რადგან საზოგადოებრივ სექტორში გამოცდილება გვაქვს. მაშინ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. ჩემი ვარაუდით, ვადამდელ არჩევნებს ნამდვილად არ ჩანიშნავენ. ჩვენი მოძრაობა ემზადება იმისთვის, რომ შექმნას ძლიერი პარტიული ინფრასტრუქტურა, რომ ძალიან მალე ვფორმირდეთ, როგორც პოლიტიკური პარტია, ოღონდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით. არ გვინდა ზოგიერთივით არაფერი გვქონდეს და პარტია დავაარსოთ“, – განაცხადა ჭანტურიამ.




