გორში სოციალურ კაფე “სფეისის” დამფუძნებელმა სოსო მეზვრიშვილმა დილით შენობის მინა ჩამსხვრეული ნახა. ინვენტარი კი გადმოყრილი იყო, რის სემდეგცა პოლიცია გამოიაძეს. როგორც კაფეს დამფუძნებლები ამბობს, შენობიდან წაღებულია ტექნიკა, პროექტორი და თანხა 200 ლარი. ამჟამად შენობა ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე პოლიცია მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე ქურდობის მუხლით.
ახალგაზრდული კაფე, ბოლო დღეებში ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ მოექცა რაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალგაზრდულ ორგანიზაციას, შენობის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოსო მეზვრიშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, მერიამ მათ წერილობით 24 იანვარს შეატყობინა, რომ შენობა თვის ბოლომდე დაეტოვებინათ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ 31 იანვრამდე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს სივრცე, რადგან მერია ამ სივრცის დატვირთვას თეატრალური და საგანმანათლებლო პროექტებით აპირებს.
ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ეს სივრცე იჯარის ხელშეკრულებით, 2022 წელს აიღო, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მოზიდული გრანტებით და შემოწირულებებით, გორის ციხის ძირში სოციალური კაფე და ცენტრი გაიხსნა.”სფეისი” უსასყიდლოდ მასპინძლობდა ახალგაზრდებს და მათ არაფორმალურ განათლებას სთავაზობდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო მეზვრიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადა, 2024 წელს გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ მერიას უზუფრუქტის წესით შენობის უსასყიდლოდ გადაცემა სთხოვა, ჯერ უარი მიიღო, ხოლო 24 იანვარს კი საერთოდ შენობის დატოვება მოსთხოვა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი კონსულტაციას ახლა იურისტებთან გადის, მეზვრიშვილი ამის შემდეგ გადაწყვეტს უჩივლოს თუ არა მერიას. ის. მერიის გადაწყვეტილების არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირს გამორიცხავს, რადგან ორგანიზაციის ახალგაზრდები საპროტესტო აქციებზე არაერთხელ გასულან.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი რუსკა ბუზიაშვილი, გორშიცა და თბილისშიც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ევროპული კურსის ცვლილებას ხშირად აპროტესტებს. მისი თქმით, “სფეისი” ევროპელი დონორების დახმარებით შეიქმნა და ამ სივრცეში ახალგაზრდები სწორედ ევროპულ ღირებულებებს ეცნობოდნენ. ამიტომ მას ეჭვი აქვს, რომ “ხელისუფლებამ ეს ვერ აიტანა”.
გორის მერიამ ორიოდე თვის წინ ვადაზე ადრე შეუწყვიტა ხელშეკრულება ფოტოგრაფთა კლუბსაც. ხელოვნების სახლში განთავსებულ ორგანიზაციას შენობა ჯერ არ დაუტოვებია და მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მერიის გადაწყვეტილებას უკავშირებენ საპროტესტო თემაზე გაკეთებულ გამოფენას.
„ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“- ასე ერქვა ექსპოზიციას, რომელიც ნოემბერში კვირაზე მეტხანს მასპინძლობდა დამთვალიერებლებს.
ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის “რეალური მიზეზი გამოხატვის და შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვაა”, მერიის განცხადებით, კი შენობა სხვა აქტივობებისთვის სჭირდება.
“მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატით, ინტერაქტიური სმარტ დაფით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას” – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ხელოვნების სახლი, გორის ციხესთან, სკვერშია განთავსებული. საბჭოთა პერიოდში აქ საქართველოს ციხესიმაგრეების მუზეუმი იყო. წლების განმავლობაში შენობა მიტოვებული იყო.
2016 წელს ახალგაზრდების ჯგუფმა გორის მერიას შენობისა და მიმდებარე ტერიტორიუს მოწესრიგება შესთავაზე, რაშიც ადგილობრივი მოხალისეების ჩაერთნენ.
გორის რაიონულმა სასამართლომ ფოტოგრაფთა მიერ მომზადებული სარჩელი ორჯერ დაახარვეზა და მხოლოდ მესამე მცდელობისას მიიღო წარმოებაში. ხელოვანები ახლა სასამართლო პროცესის დანიშვნას ელოდებიან.