გორში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა – პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცავის მოკვლა ცულის გამოყენებით სცადა, პოლიციის თანამშრომელმა კი ჰაერში გაისროლა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სოფელ ხელთუბანში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის განცხადებით, არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„სასამართლომ განიხილა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით ხუთივეს შეეფარდა პატიმრობა.
არსებობდა ხუთივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, აღნიშნულის და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, გამოკითხულები არიან შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები და ცხადია, არსებობდა აღკვეთის აღნიშნული ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი.
რაც შეეხება ბრალდებას – ორ ბრალდებულს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს, ბრალი ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, ხოლო სამ ბრალდებულს – პოლიციის წინააღმდეგობაში ძალადობის და ძალადობის მუქარის გამოყენებით. ეს უკანასკნელი სანქციის სახით ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა კი – 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, – აღნიშნა პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა.
პროკურორის განცხადებით, დაპირისპირების დროს, აგრესიისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით, პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში განხორციელდა ჰაერში გასროლა.
„ერთ-ერთმა ბრალდებულმა სცადა ცულის გამოყენებით პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა, პოლიციის თანამშრომელმა, კანონის ფარგლებში გამოიყენა იარაღი, კერძოდ, განახორციელა ჰაერში გასროლა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა, გასროლა იყო მხოლოდ გამაფრთხილებელი, აგრესიისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით.
წინააღმდეგობა იყო საკმაოდ აქტიური, აგრესიული და საჭირო გახდა სხვა პოლიციელების მისვლა შემთხვევის ადგილზე და სწორედ მათ მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მცდელობა.
რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, საქართველოში გვაქვს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომელიც ითვალისწინებს განსხვავებულ სანქციებს, მიდგომებს და ბუნებრივია, ამ ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება და მართლმსაჯულების პროცესი არასრულწლოვნის მიმართ“, – განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების ადვოკატის მამუკა მიროტაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთი პირი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო პირობების გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხუთი პირიდან არცერთი არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს, შესაბამისად, სასამართლოს წინაშე დავაყენე შუამდგომლობა, რომ ოთხ მათგანზე გამოყენებული ყოფილიყო გირაო თითოეულზე ათი ათასი ლარის ოდენობით, მეხუთეზე კი – ოცი ათასი ლარი, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა, გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა ყველა მათგანთან. როგორც აღვნიშნე, ბრალს არ ეთანხმებიან, რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება და დარწმუნებული ვარ, ვერ იქნება ვერანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი, იგივე განვუცხადე სასამართლოსაც, ეს ადამიანები არ არიან ამ დანაშაულის ჩამდენები. დიახ, ინციდენტს ჰქონდა ადგილი, იყო შელაპარაკება, მაგრამ არანაირი ძალადობრივი ქმედება მათ არ განუხორციელებიათ, საქმის მასალებში ერთი ფურცელიც კი არ არის მათი მხრიდან ძალადობის ამსახველი, ვფიქრობთ, ყველაზე ობიექტური იქნება ვიდეოკამერის ჩანაწერები. არასრულწლოვანი იჯდა საჭესთან, მივიდა პოლიციელი აგრესიული ტონით და ამას მოჰყვა დაპირისპირება“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 16 ივლისს მოხდა. პოლიციელებზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია ხუთი პირი: 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, ავტომანქანით გადაადგილდებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰქონდა მართვის უფლება. პოლიცილებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და განუმარტეს სამართალდარღვევის შინაარსი. არასრულწლოვანმა და მასთან ერთად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ერთ-ერთი მათგანის დაკავებისას ადგილზე დამატებით მისული პოლიციელებიდან ერთს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ცული მოუქნია, რის შედეგადაც პოლიციელი დაიჭრა. ასევე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დანით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა ორ პოლიციელს. ბრალდებულების დაკავებისას, ხელის შეშლის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიზე მყოფმა სამმა პირმა ჯუფური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს.
დაკავებულთაგან სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.