გორში დასახლებული პუნქტის სიახლოვეს არსებული ნაგავსაყრელის გაუქმებას ითხოვენ

„არა გორის ნაგავსაყრელად ქცევას“ – ამ მოწოდებით გაიმართა 15 ივლისს აქცია გორში, კვერნაკის დასახლებაში. სწორედ ამ დასახლებასთან ახლოს მდებარეობს მუნიციპალური ნაგავსაყრელი, საიდანაც, აქციის მონაწილეების თქმით, აუტანელი სუნი მთელ ქალაქში ვრცელდება.
არსებული ნაგავსაყრელის ადგილას იგეგემება ინტერმუნიციპალური ნაგავსაყრელისა და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს აშენებაც, – ადგილობრივების პროტესტს არსებულის გარდა ამ უფრო მასშტაბური ნაგავსაყრელის აშენების პერსპექტივაც ამძაფრებს.
„მოსახლეობა არსებული ნაგავსაყრელის ლიკვიდაციას ითხოვს და ნაცვლად ამისა, ხელისუფლება აქ ახალ ინტერმუნიციპალურ ნაგავსაყრელის აშენებას გეგმავს. ბოლო ერთი თვეა, სიცხეების დადგომასთან ერთად ვგრძნობთ, გორში რა სუნი დგას. ამას არსებული ნაგავსაყრელი იწვევს და ამის პარალელურად 7-ჯერ უფრო დიდი ნაგავსაყრელის გაკეთება გადაწყვიტეს, რომლის ტერიტორია 36 ჰექტარია. ვითხოვთ, რომ არსებულის ლიკვიდაცია მოახდინონ და სხვაგან გადაიტანონ და დაგეგმილი ნაგავსაყრელის პროექტი შეჩერდეს. მერიის წარმომადგენლებთან პირადი შეხვედრებისას გვიფიქსირებენ, რომ მათ დაუკითხავად ახორციელებს ამ ყველაფერს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“, – ამბობს იურისტი ლექსო მერებაშვილი და აქციის მონაწილეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მან აქციის მონაწილეებს ის დოკუმენტაცია გააცნო, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოითხოვა. მისი თქმით, ახალ ნაგავსაყრელზე ნარჩენებს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების გარდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდანაც ჩაიტანენ. ამ დოკუმენტებში წერია, რომ ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის მიზანი შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისთვის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე სისტემის მოწყობაა.

„კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემას შეუქმნის, გარდა ამისა, ეკოციდის საფრთხეც დგას, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროტესტი და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნარჩენების ქარხანა აქ არ აშენდეს. ზოგადად კარგია, როცა ნარჩენების მართვა სწორად ხდება და ზოგადად ასეთი ქარხნების მშენებლობა აუცილებელია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს. ბევრი თავისუფალი ტერიტორიაა საქართველოში და სასურველია, იქ განხორციელდეს ეს პროექტი“, – უთხრა რადიო თავისუფლებას საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კვერნაკის დასახლებაში მცხოვრებმა პედაგოგმა, ნინო ფსუტურმა.

კვერნაკის დასახლებაში გამართულ აქციაზე მივიდა მერის წარმომადგენელი ნიკა მიქაბერიძე, რომელმაც არ გამორიცხა ნაგავსაყრელისთვის სხვა ფართის მოძებნის შესაძლებლობა.

„გეგმა ასეთია, რომ შესაძლებელია ალტერნატიული ფართი გამოინახოს და ეს ნაგავსაყრელი სხვაგან გადავიდეს. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ხალხის ინტერესები გაითვალისწინოს და ამ პრობლემით ხელისუფლებაც შეწუხებულია“, – უთხრა მან უკმაყოფილო მოქალაქეებს. სამოქალაქო აქტივისტებმა ნიკა მიქაბერიძეს სთხოვეს, ალტერნატიული ფართის შერჩევისას ხელისუფლებამ უზრუნველყოს საზოგადოების და შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობა.

ასევე დაგაინტერესებთ