გორში გახსნილი მერვე ფილიალის შემდეგ, Cosmo მეცხრე ფილიალს ხსნის

ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდმა, Cosmo-მ გორში მერვე ფილიალი გახსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Cosmo-ს თანადამფუძნებელი სოფო მუხულიშვილი ამბობს, მიმდინარე წელს, თბილისში მეცხრე ფილიალის გახსნას და საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავენ.
„კომერსანტი“ სოფო მუხულიშვილს ბრენდის შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
როდის შეიქმნა Cosmo და რამდენი იყო ინვესტიცია?
სოფო მუხულიშვილი, Cosmo-ს თანადამფუძნებელი: უკვე 9 წლის ხდება, რაც მე და თამარ აფციაურმა Cosmo დავაფუძნეთ. ინვესტიციას რაც შეეხება, არ გვქონდა. თავიდან აქსესუარების – ყელსაბამების, სამაჯურების, საყურეების წარმოება დავიწყეთ ძალიან მცირე თანხით. 2019 წლიდან ტყავის ხაზი დავამატეთ – ჩანთები და აქსესუარები.
„აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებით დავდივართ საერთაშორისო გამოფენებზე. ასევე, „აწარმოე საქართველოს“ ბრენდინგის პროგრამაში გავიმარჯვეთ 2 წლის წინ და 20 000 ლარი მივიღეთ. ინვესტიცია სხვა კუთხით არ გვქონია. პარტნიორი ბანკები გვყავს და როცა გვჭირდება ხოლმე ბიზნეს-სესხი, ვსარგებლობთ. „აწარმოე საქართველოს“ აქვს სუბსიდირების პროგრამა, ბანკებში თავდებად გვიდგებიან და ამ პროგრამითაც ვსარგებლობთ. Cosmo მუშაობს ისე, რომ ინვესტიციას ჩვენ თვითონ ვდებთ ჩვენს ბიზნესში.
როგორია Cosmo-ს ასორტიმენტი და სად იყიდება პროდუქცია?
2019-დან ტყავის ჩანთების და აქსესუარების ხაზი დავამატეთ. ჩვენი პროდუქცია იყიდება ჩვენივე ფილიალებში და პარტნიორ მაღაზიებში. ამჟამად 8 ფილიალი გვაქვს. გორში გავხსენით მერვე. თბილისში გვაქვს – 5, ბათუმში – 2.
Cosmo ყოველწლიურად ფართოვდება. საწარმოში ახალი თანამშრომლები გვყავს, ახალი პროდუქტები გვაქვს. მოთხოვნა მზარდია. ვცდილობთ, იმის მიხედვით შევქმნათ პროდუქცია, რაზეც არის მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა.
როგორია ფასები და რა სეგმენტზეა გათვლილი Cosmo?
სეგმენტს რაც შეეხება, ჩვენი პროდუქტი გათვლილია ყველა იმ ადამიანზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების გაბედნიერება, უყვარს თემატური ნივთები და ის აქსესუარები, რომელსაც ატარებს ბევრად მეტია, ვიდრე ნივთი. ფასები იწყება 89 ლარიდან და ადის 300 ლარამდე.
სად გაქვთ საწარმო და რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?
საწარმო 2018 წლიდან გვაქვს თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან. მთლიანად Cosmo-ში 75 ადამიანი დასაქმებულია.
ექსპორტზე სად გაგაქვთ პროდუქცია?
ჩვენს სახელოსნოში შექმნილი პროდუქცია იყიდება ში. მოთხოვნა, მიმდინარე წელს, გაიზარდა და სრული გაყიდვების 10%-ი დანიაში გაყიდვებზე მოდის. ჩვენი ჩანთები და აქსესუარები იყიდება ასევე: ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ონლაინ პლატფორმებზე: Amazon და Etsy.
სამომავლოდ საექსპორტო ბაზრის გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?
რა თქმა უნდა ვაპირებთ, რომ უცხოეთის ბაზარზე უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. როდესაც მივაღწევთ მიზანს, აუცილებლად გავაჟღერებთ.
რაც შეეხება ქართულ ბაზართან დაკავშირებულ გეგმებს, კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ თბილისში. ერთ კვირაში საზაფხულო კოლექციის ჩანთები ჩაეშვება გაყიდვაში და სექტემბრიდანაც ახალი ჩანთები გვექნება ფილიალებში.

ასევე დაგაინტერესებთ