ზუსტად ერთი წლის წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში გაუჩინარებული, რუსი ბიზნესმენის – 46 წლის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის, 27 წლის ოქსანა სკარედნოვას გვამები, ოჩამჩირიდან 30 კილომეტრით დაშორებულ, მთლიანად გადამწვარ სოფელ ახალდაბაში, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის ეზოში მდებარე, ჭაში აღმოაჩინეს.
კლემანტოვიჩი და სკარედნოვა 2012 წლის 10 სექტემბერს, ანკლავში, ფსოუ-სოხუმის ავტომაგისტრალიდან მაშინ დაიკარგნენ, როცა რუსი ბიზნესმენი „ლექსუსით“ გადაადგილდებოდა.
რუსეთის ფედერაციისა და საბერძნეთის მოქალაქე კლემანტოვიჩს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ბიზნესი ჰქონდა. იგი გაგრაში უკანონოდ “რეგისტრირებული კომპანია” – „ელ პეტროლიუმ აფხაზეთის“ გენერალური დირექტორი იყო.
კლემანტოვიჩის ინტერესის სფეროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე- ჯართისა და ღორღის ბიზნესი წარმოადგენდა. მდინარე ბზიფის ხეობაში იგი უკანონოდ ღორღის მწარმოებელ ქარხანას ამუშავებდა.
რუსი ჟურნალისტის ანატოლი სულეიმანოვის აზრით, რომელიც დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა, ოკუპირებულ აფხაზეთში გახმარებულ მკვლელობებს, კლემანტოვიჩის და სკარედნოვას გაუჩინარების მიზეზების გამოძიებას, ანკლავში, რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის სიცოცხლე შეეწირა.
„ვიშნერნევი იძიებდა რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩის გაუჩინარების ფაქტს. იგი სოხუმში ჯართის და ღორღის ბიზნესით იყო დაკავებული და 2012 წლის სექტემბერში, მეგობარ ქალთან ერთად გაუჩინარდა. ვინ და როგორ გაიყო ეს ბაზარი კლემანტოვიჩის გაუჩინარების შემდეგ, ეს საკითხი ადგილობრივ გამოძიებას დღემდე არ შეუსწავლია.“ ანატოლი სულეიმანოვი, რუსი ჟურნალისტი
ქილერმა ვიშერნევები 9 სექტემბერს, სოხუმში საცხოვრებელ სახლთან დაცხილა. ვიშერნევი ადგილზე დაიღუპა, ცოლი ერთი კვირის შემდეგ სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანატოლი სულეიმანოვი ამბობს:
„ვიშნერნევი იძიებდა რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩის გაუჩინარების ფაქტს. იგი სოხუმში ჯართის და ღორღის ბიზნესით იყო დაკავებული და 2012 წლის სექტემბერში, მეგობარ ქალთან ერთად გაუჩინარდა.
ვინ და როგორ გაიყო ეს ბაზარი კლემანტოვიჩის გაუჩინარების შემდეგ, ეს საკითხი ადგილობრივ გამოძიებას დღემდე არ შეუსწავლია.“
ოკუპირებულ ანკლავში უკანონო ე.წ “მილიცია” აცხადებს, რომ ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობა, რუსეთის შსს-ს დახმარებით გახსნეს. კლემანტოვიჩისა და სკარედნოვას მკვლელობის გამო დაკავებულები არიან ეთნიკური აფხაზები: რამინ ხმაილი, ახრი გოპია, ჯუმბერ ბიგვავა და ასლან ცვიჟბა.
ზოგიერთი ინფორმაციით, ოჩამჩირელი ახრი გოპია, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, სპეცრაზმ „კატრანის“ ყოფილი ბოევიკია, ომის დანმნაშავეა და 1992-93 წლებში, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში ქართველების გენოციდსა და გამოდევნაში მონაწილეობდა.
გავრცელებული ხმების მიხედვით, რუსი ბიზნესმენის კლემანტოვიჩის მკვლელობას ორგანიზება უკანონო, ე.წ „აფხაზთა სახალხო კრების“ “გავლენიანმა” წევრმ, ნოდიკ კვიცინიამ დაუკვეთა. იგი ოკუპირებულ ანკლავში ღორღის ბიზნესს აკონტროლებს.
კვიცინიაც ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარადან არის. ეს ახალდაბის მოსაზღვრე სოფელია, სადაც რუსეთის მოქალაქეების გვამები ჭაში იპოვეს.
კვიცინია ამ დრომდე არ დაუკითხავთ და არ დაუკავებიათ. ოკუპირებულ ანკლავში კატეგორიულად უარყოფენ ვერსიას, რომ რუსეთის მოქალაქეების: ბიზნესმენ კლემანტოვიჩის, დიპლომატ ვიშერნევის და მათი მეუღლეების მკვლელობები ერთმანეთთან კავშირშია.
როგორც ოფიციალურმა მოსკოვმა, ისე სეპარატისტულმა სოხუმმა დიპლომატ ვიშერნევის მკვლელად, ბათუმში, დაკავებული, რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი, 25 წლის იუსუფ ლაკაევი გამოაცხადა.
თუმცა, მოსკოვს ამ დრომდე არ მოუთხოვია ლაკაევის ექსტრადირება. შესაძლოა, ბიზნესმენ კლემანტოვიჩის და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის გახსნამ ბევრ საიდუმლოს ახადოს ფარდა.
„ლაკაევს არავინ მოუკლავს და არავითარი კავშირი სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან არ აქვს. უმარ იდიგოვი
კავკასიის ხალხთა ინტერგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, ლაკაევის კავშირს სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან, კატეგორიულად გამორიცხავს:
„ლაკაევს არავინ მოუკლავს და არავითარი კავშირი სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან არ აქვს. იგი საქართველოში ადრეც არის ნამყოფი. ახლა სირიაში იმყოფებოდა, იქ დოკუმენტები დაკარგა და საქართველოში ჩამოვიდა. ალბათ, საბუთების აღდგენას ელოდა. სირიიდან იმიტომ წამოვიდა, რომ დაინახა იქ ჯიჰადი სინამდვილეში არ იყო.“
შეიარაღებული ჩეჩენი იუსუფ ლაკაევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, 13 სექტემბერს სპეოპერაციის დროს დააკავა, რის შედეგაც დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი გამვლელი და თავად ლაკაევიც.
პოლიციამ ლაკაევთან ერთად დააკავა: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, 20 წლის ფირუზ წიკლაური და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნტარიძე. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მტკიცებით წიკლაური და ბახუნტარიძე ლაკაევს საკუთარ ბინაში მალავდნენ და მისი თურქეთში გადაყვანა სურდათ.
იუსუფ ლაკაევს, ოკუპირებულ სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობის გამო ბრალი საერთოდ არ აქვს წარდგენილი თუმცა, ბათუმში, პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისთვის – 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
აყვანის ოპრაციის დროს სასტიკად ნაცემი წიკლაური და ბახუნტარიძე კი, რომლებსაც ასევე წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ამბობენ რომ შსს-ს პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ და განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის გამო იდევნებიან.




