გმირთა მოედანზე ფიცის დადების შემდეგ დემონსტრანტებს ზვიად ცეცხლაძემ მიმართა

გმირთა მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებმაც გაიმეორეს ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 19 აპრილს ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ზვიად ცეცხლაძემ მიმართა. სტუდენტმა, რომელიც იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი შარშანდელი აქციის, დღეს კი ციხეშია.
“თანამებრძოლებო, ამ წუთებში ციხეებიდან ათობით აღელვებული გული შემოგცქერით და ნატრობს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცს გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია თქვენ ითხოვთ სამართალს, ითხოვთ ახალ არჩევნებს, ითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ – გადადგეს “ქართული ოცნება”. როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, მაშინ ხალხის მოვალეობაა დაამხოს ასეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია. ჩვენ დიდი ხანი ვითმინეთ. ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გაგუდვა, გატაცება, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა. ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა სისუსტედ ჩაგვითვალეს, დიდსულოვნება კი შიშად. ნათელია, ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეელევა და რკინის მარწუხს არ მოუშვებს. ეს მისთვის ნამდვილად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ იძულებულს გავხდით. დღეს ორი არჩევანია – ჩიხი, ლაჩრობისა და სიმხდალის გზა, რომელსაც ცრუ ჰუმანურობით შევფუთავთ და რაც გვაქცევს ს გუბერნიად; სადაც ვიქნებით უსუსურები უსამართლობის წინაშე; სადაც ნამუსს ახდიან ჩვენ მებრძოლ ქალებს; სადაც ჩვენ შვილებს ძაღლებივით დაგვამარხინებენ და როგორც ჩვენივე ღირსებას, ჩაგვაფლობინებენ მიწაში, ან ბრძოლისა და რევოლუციის გზა, სადაც მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში სიკვდილს ვამჯობინებთ; სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ღირსებას და ჩვენს ფიცს. ჰოდა აირჩიე ქართველო ერო. მათ აღმართეს ხმალი ჩვენ წინააღმდეგ და ხმლითვე უნდა გაიგმირონ. მივმართავ “ქართულ ოცნებას” და მათ მომხრეებს – თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი და თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?! გაუმარჯოს ერთიან და დემოკრატიულ საქართველოს”, – თქვა ზვიად ცეცხლაძემ.
19 წლის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ერთ-ერთი ლიდერია. გასულ წელს ის აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. 2024 წლის 19 აპრილს, თანამებრძოლებთან ერთად მან დაგეგმა სტუდენტური აქცია, რომელსაც ათასობით მოქალაქე შეუერთდა. მათ მიმართა მოედანზე დადეს ფიცი, რომ დაიცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას მტრისგან – რუსეთისგან.
2024 წლის 4 დეკემბერს ცეცხლაძე დააკავეს. პროკურატურა მას აქციაზე ჯგუფური ძალადობას ორგანიზებას ედავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. რამდენიმე დღის წინ მან ციხიდან წერილი გამოაგზავნა და მოქალაქეებს მოუწოდა “გავიაროთ იგივე გოლგოთის გზა, სადაც “ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა – ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა”.
ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას, იგივე ფიცი ზვიად ცეცხლაძის თხოვნით წაიკითხა მისმა მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ. მან თქვა, რომ როგორც მისი შვილი, ისე მასთან ერთად დაკავებული ახალგაზრდები დღეს ციხეში არიან იმიტომ, რომ არ გატეხეს ფიცი.
· სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა 5 000 ლარით დააჯარიმეს
· „ბატონო მდინარაძე, უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ“ — ზვიად ცეცხლაძის მიმართვა ციხიდან
· აქციებზე დაკავებული 8 პირი ე.წ. წინასწარ პატიმრობაში დატოვეს