„გმირთა მოედანზე ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და გადატანა 7 მლნ ლარი დაჯდება“ – ირაკლი ხმალაძე

„გმირთა მოედანზე ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და გადატანა 7 მილიონი ლარი დაჯდება“ – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა.
მანვე ისაუბრა ვადებზეც და აღნიშნა, რომ პროექტის დამტკიცებიდან უახლოეს პერიოდში დაიწყება ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი.
„ადგილმონაცვლეობას ვთავაზობთ კომპანიებს, შეთანხმება მიღწეულია. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაგზავნილია საკრებულოში, მომდევნო კვირას დაიწყება განხილვა და თუ დამტკიცდა, უახლოეს პერიოდში დაიწყება სადგურების დემონტაჟი. შეთანხმებით დაახლოებით 3-4 თვის ვადაში უნდა მოხდეს დემონტაჟი.
პარალელურად, სატრანსპორტო სამსახური მუშაობს ახალ სატრანსპორტო სქემაზე, საგზაო კვანძების მოდერნიზება/გაფართოებაზე. ინფრასტრუქტურის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს სამუშაოების წარმოებას.
დიდი ინფრასტრუქტურული ჩარევები არ მოუწევს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პერიოდში სამუშაოები უნდა დასრულდეს, ეს ჩემი ვარაუდია, ჯამური ღირებულება ამ ქონების, რომელსაც მუნიციპალიტეტი ანაცვლებს, არის დაახლოებით 7 მილიონი ლარი, რომლისთვისაც დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე გამოიყოფა მიწის ნაკვეთები, რომ შეძლონ სხვა ბენზინგასამართი სადგურების მოწყობა“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
bpn.ge