„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ Block Group-ის ახალი მასშტაბური პროექტი Radisson დააზღვია

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ Block Group-ის მორიგი მასშტაბური საერთაშორისო პროექტის სასტუმრო Radisson-ის სამშენებლო რისკები დააზღვია, რომლის სადაზღვევო თანხა 18 მლნ დოლარს შეადგენს.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson თბილისის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე, ალექსანდრეს პარკთან შენდება, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი ლენდ მარკი შეემატება.
სასტუმრო სკანდინავიურ დიზაინში გადაწყვეტილ სხვადასხვა კატეგორიის 170 ნომერს გააერთიანებს. სასტუმროს რუფტოპზე მოეწყობა თბილისში პირველი, ღია ინფინიტი აუზი, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი გადაიშლება. პროექტი ასევე მოიცავს სპაცენტრს, მაღალი კლასის რესტორნებს, საკონფერენციო დარბაზებსა და კაზინოს.
სამშენებლო პროექტის საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ დოლარია. მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეიქმნება 250 ახალი სამუშაო ადგილი.
გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას Block Group-სთვის სპეციალურად შექმნილი სადაზღვევო პოლისი საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტოდ მსხვილი სამშენებლო რისკების დაზღვევას მოიცავს. სადაზღვევო რისკის მოცულობა აღნიშნული პროექტის შემთხვევაში 18 მლნ დოლარია. დაზღვეულია მშენებლობის პროცესის სრული ციკლი ყველა დამდგარი რისკისგან, რომელიც მოიაზრებს როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდგომ არსებული ხარვეზების გამოვლენას და მის ანაზღაურებას მშენებლობის დასრულებიდან შემდგომი 2 წლის განმავლობაში.