“გლობალურ IT ბაზარზე ჩვენი ნიშა ვიპოვოთ, რომელიც უნიკალური და ძნელად კოპირებადი იქნება” – დავით კიზირია

IT სექტორი 2024 წელს შემოსავლების მასშტაბური ზრდას არ ელოდება. მიზეზი გასული წლის ბუმის შემდეგ ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურებაა, რაც ძირითადად მიგრანტების ეფექტის შემცირებით არის განპირობებული.
“გრძელვადიან ჭრილში რომ საქართველოში IT სექტორმა ზრდის ტემპი შეინარჩუნოს, ამისთვის აუცილებელია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა,” – ამბობს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია. მისი განცხადებით, საქართველომ გლობალურ ბაზარზე უნდა იპოვოს თავისი ნიშა, რითაც შეძლებს რეგიონის ქვეყნებს კონკურენცია გაუწიოს. კიზირიას შეფასებით, ამ გზით დადებით ტენდენციის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაშიც შესაძლებელი იქნება.
“ის რასაც დღეს ვხედავთ არის ანარეკლი იმის, რომ ეს ინდუსტრია არის მაინც საინტერესო, ძალიან მიმზიდველი, დიდი პოტენციალის მქონე. თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს კონკურენტული უპირატესობა რომ ეს ტალღა, რომელიც ჩვენს სასარგებლოს არის მომართული გრძელვადიანად შევინარჩუნოთ.
წელს არ მგონია, რომ იქნება მკვეთრი ვარდნა, თუმცა 27%-ით ცოტა არ არის პირველ კვარტალში და თუ გავითვალისწინებთ რომ იგივე ტენდენცია იყო 2023 წლის კვარტალების განმავლობაში , დაფიქრებას საჭიროებს.
გამოსავალი არის ის რომ გლობალურ აიტი და ინოვაციურ ბაზარზე ჩვენი ნიშა ვიპოვოთ, რომელიც იქნება უნიკალური და ძნელად კოპირებადი, მათ შორის ჩვენი მეზობლების მხრიდან,”-ამბობს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია.
ცნობისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 147.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 54 მილიონი დოლარით ნაკლებია. არადა 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.