გლობალურად დაწყებული სატარიფო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე, მათ შორის საქართველოზეც უარყოფითად აისახება – ლადო პაპავა
აკადემიკოსი, ვლადიმერ პაპავა აღნიშნავს, რომ გლობალურად დაწყებული სატარიფო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე, მათ შორის საქართველოზეც უარყოფითად აისახება. როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, კრიზისის პროგნოზირება პრინციპულად შეუძლებელია. მისივე განმარტებით, შესაძლოა, კრიზისის სიმპტომები იკვეთებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება მაინც და მაინც კრიზისში გადაიზრდება
„თუკი გლობალური კრიზისი მართლაც შეიქმნა, ის აისახება საქართველოზეც და აისახება მძიმედ. ცენტრალური ბანკის და მთავრობის ფუნქცია არის ის რომ საგარეო შოკები იქნეს შემსუბუქებული. დღევანდელი გადასახედიდან, სიტუაცია საკმაოდ ოპტიმისტურია. წამყვან საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროგნოზი არ გაუუარესებიათ. ნდობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ მაღალია და მათი პროგნოზია, რომ საქართველოში იქნება 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ის რომ საქართველო რთულ რეგიონშია, არის პოლიტიკური დაძაბულობა. ამ ინფორმაციას თავისუფლად ფლობენ სავალუტო ფონდშიც. არის თუ არა საფრთხე რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს კრიზისი. ამის საფრთხე ყველგანაა. მათ შორის ამერიკაშიც. წარმოიდგინეთ საქართველო ის ქვეყანა არ არის, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკაში ამინდის შემქმნელი შეიძლება იყოს და ის სატარიფო ომი, რომელიც დაწყებულია აისახება უარყოფითად გლობალურ ეკონომიკაზე. ტარიფი ნიშნავს გაძვირებას. შენ თუ უწესებ რაღაც საქონელზე ტარიფს მოწინააღმდეგეც გაზრდის ფასებს. საბოლოოდ რას იღებ, იღებ იმას რომ შენს ქვეყანაშიც პროდუქტის ფასები იზრდება. სატარიფო ომის პირობებში ეს არის დარტყმა მიწოდების გლობალურ ჯაჭვებზე, რაც მოხდა პანდემიის დროს. ასეთ დროს აწყობილი სქემები უკვე ნაკლებად მუშაობს. საჭიროა გადაწყობა, რასაც დრო უნდა. მანამდე მიწოდებაში არის პრობლემები, მიწოდებით გამოწვეული ინფლაცია იწყება. ამის რეგულირება ცენტრალურ ბანკებს არ შეუძლიათ. ამიტომ როცა ვამბობ რომ საქართველოც კრიზისის წინაშე დგას ამის წინაშე დგას მთელი მსოფლიო.“-აცხადებს ვლადიმერ პაპავა.
მისივე თქმით, კრიზისების დროს ყველაზე მოწყვლადი არის ეროვნული ვალუტა. ვლადიმერ პაპავას განმარტებით, ეროვნულ ვალუტაზე აისახება ნებისმიერი რყევა, მათ შორის პოლიტიკური.
„ეროვნული ვალუტა გამოხატავს ყოველთვის იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკასთან, ასევე იმას ინსტიტუციურად რამდენად კარგად მუშაობს ეროვნული ბანკი. ამ ყველა მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკური სხეულია ქვეყნის ეკონომიკაში საქართველოს ცენტრალური ბანკი. თუმცა, როცა რის არასტაბილურობა ადამიანებს, ბიზნესებს აქვთ სურვილი დააზღვიონ რისკები. იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, ჩვენს შემთხვევაში დოლარზე,” – აცხადებს ვლადიმერ პაპავა.
