გლდანში კიდევ ერთი სკვერი განახლდა – გამგეობის ბიუჯეტიდან 1 847 408 ლარი დაიხარჯა

გლდანის „ა“ მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ მოეწყობოდა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის მოეწყო ატრაქციონები, ასევე, ქვედა ტერიტორიაზე არის საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანი, რომელიც რეაბილიტირდა. სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია, დამონტაჟდა ღამის განათებები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს. მინდა, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგეობას და მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი კარგი პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 12 117 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, განახლდა სპორტული მოედანი; სკვერის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. მათივე განმარტებით, სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 847 408 ლარი დაიხარჯა.