დღეს, 2025 წლის 20 ოქტომბერს, სომხეთის ანტიკორუფციულმა კომისიამ – სახელმწიფო უწყებამ, რომელიც კორუფციის შემთხვევებს იძიებს, – დააკავა ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან ღუკასიანი.
გიუმრის მერიასთან სამართალდამცავების რამდენიმესაათიანი მობილიზებების შემდეგ, 15:06 საათისათვის, ღუკასიანი შენობიდან გამოიყვანეს. ის ერევანში გადაჰყავთ, საპატიმროში.
მცირე ხნით ადრე მოხდა ღუკასიანის მხარდამჭერებისა და სამართალდამცავების ფიზიკური დაპირისპირება. დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი, რომლებიც მერის მხარდასაჭერად გამოვიდნენ ქუჩაში.
ადგილზე შეიკრიბნენ „კომუნისტური პარტიის“ მხარდამჭერები, – იმ პარტიისა, რომელსაც ღუკასიანი წარმოადგენს.
ანტიკორუფციული კომისია აღნიშნავს, რომ „მასშტაბური ოპერატიულ-სადაზვერვო ღონისძიებებისა და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, დაადგინეს, რომ ვარდან ღუკასიანმა და ქალაქის ადმინისტრაციაში მთავარ არქიტექტორად დასაქმებულმა პირმა წინასწარი შეთანხმებით მოითხოვეს და მიიღეს მოქალაქისგან ქრთამი.
აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ამავე უწყების თანახმად, გამოცემულია, ჯამში, რვა ადამიანის დაკავების ბრძანება.
ამჟამად გიუმრის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქცია დაიწყო ერევანშიც.
სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გიუმრიში, – რომლის მოსახლეობაც 120 000 ადამიანია, – ოპოზიციონერი მერი 2025 წლის აპრილში აირჩიეს ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების შედეგად.
· სომხეთის კანონმდებლობით, ქალაქის მერს საკრებულოს უმრავლესობა ირჩევს. რიგგარეშე არჩევნები 30 მარტს გაიმართა.
· არჩევნებში პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანის მმართველი პარტია, „სამოქალაქო კონტრაქტი“, გავიდა ხმების 36,8 პროცენტით.
· თუმცა მმართველმა გუნდმა 33-წევრიან საკრებულოში მხოლოდ 14 ადგილის მოპოვება მოახერხა.
· დანარჩენი 19 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს და შეთანხმდნენ ღუკასიანის კანდიდატურაზე.
ფორუმი

 
				 
								
 
								

