“გისამძიმრებთ, შემდეგი კვირიდან ქვის ხანაში შეიძლება აღმოვჩნდეთ” – ICR ჯგუფის დამფუძნებელი

ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ამბობს, რომ მომდევნო კვირიდან საქართველო შეიძლება ქვის ხანაში აღმოჩნდეს და ამას “ქართული ოცნების” ქმედებებს უკავშირებს.
ამის შესახებ ბიზნესმენი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს.
“მეგობრებო მოგესალმებით და გისამძიმრებთ, იმიტომ, რომ შემდეგი კვირიდან შეიძლება სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდეთ, ანუ ქვის ხანაში.
ჩამოგვეშლება არშემდგარი სახელმწიფო. არშემდგარი იმიტომ, რომ დამონებული ადამიანების ბრბოს ვაძლევთ საშუალებას ელაპარაკონ მსოფლიოს ჩვენი სახელით, მეგობრებს ჩვენი სახელით.
მიუსამძიმრონ ქვეყანას, რომელიც ათეული წლებია იბრძვის ღირებულებების წინააღმდეგ (ირანს ვგულისხმობ), ომის პარტიად ნათლავენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ბოლო 30 წელია გვაჭმევენ, გვაცმევენ და გვეხმარებიან სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში.
ბიზნესი დუმს. შეშინებული გასცქერის მთავრობას, როგორ გაამრავლოს თავისი ქონება ჯიგრული თვალთმაქცობით. დიახ, ამას ვამბობ მე, ამ სფეროს წარმომადგენელი, იმიტომ, რომ მრცხვენია ამ რიგებში დგომა, როდესაც ხელგაწვდილი ელოდები, როდის ჩაგიგდებენ ტენდერს, ან სულაც მოგცემენ კარგ კოეფიციენტს მრავალსართულიანი ბეტონის ჯუნგლების ასაშენებლად.
ამ დროს ჩვენი შვილები დგანან ქუჩაში და ცდილობენ შეცვალონ ეს ყველაფერი. და ამ დროს სად ვართ ჩვენ?
თაობა, პასუხისმგებელი მათ მომავალზე.
მე არ ვიცი, რას იზამთ თქვენ, მე გეტყვით, რას ვიზამ მე.
და იქნებ, ვიყო მაგალითი სხვებისთვის.
მე ,კახა ხაზარაძე, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, მომავალ თაობას და ამისთვის დავთმო ყველაფერი მატერიალური და დავიტოვო მხოლოდ ერთი რამ, რასაც თავისუფლება ჰქვია.
ემსახურე საქართველოს და იყავი ამაყი და ბედნიერი”, – წერს ბიზნესმენი.
კახა ხაზარაძე “აი სი არ ჯგუფის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. “აი სი არ ჯგუფი” წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს, რომელთა შორისაა “ბატა”, “ჯეოქსი”, “კორსო იტალია”, “ოკაიდი”, “ტაბლა”, “პომოდორისიმო”, “ლაბორატორია ჩემი სახლი” და სხვა.
18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 28 მაისს დაძლევენ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ სანქციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

პრემიერი – ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია