„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინეს. მერობის კანდიდატი ჰერმან საბომ დაასახელა, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს.
დღესვე, დაასახელეს თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები: დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და ვიცე-მერობის კანდიდატი სანდრო რაქვიაშვილი იქნება.
ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ მზად არის დებატებში მონაწილეობისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან და კანდიდატთან, თუკი განხილვის თემა თბილისის კეთილდღეობა იქნება. ხვიჩიას განცხადებით, თბილისი უნდა გახდეს მეგაპოლისი და კავკასიის ეკონომიკური ცენტრი.
„მადლობა მათ, ვინც ღირსად ჩამთვალა აქ ვმდგარიყავი. რატომაც უნდა ამირჩიოთ, არის ეს გუნდი, რომლითაც წარვდგები თბილისელი ამომრჩევლის წინაშე. არავის ჰყავს სანდრო რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი. აქ ხალხი შერჩეულია საკუთარი პრინციპების და მორალის, კვალიფიკაციის მეშვეობით. ჩვენ თავხედურადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ დებატებში, რომელიც შეეხება ქალაქის კეთილდღეობას, დავუჯდეთ.
ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც უნდა ამ ქალაქისგან მეგაპოლისი გამოვიდეს. ძირითადად პოლიტიკოსები „ჩალიჩობენ“ აქედან სოფელი გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი გავათავისუფლოთ ზედმეტი ტვირთისგან. გვინდა , რომ ამ ქალაქისგან არა სოფელი გამოვიდეს, არამედ ნიუ-იორკი. თბილისი უნდა იყოს კავკასიის ეკონომიკური ცენტრი.
ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც არ იმუქრება შურისძიებით. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ამბობს, რომ უნდა შევრიგდეთ. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ სიტვყით გამოსვლისას.
