შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ჩორჩანას საქმეზე ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკური გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
შესაბამისი განცხადება ხოჯევანიშვილმა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.
მისი თქმით, გამოკითხვაზე საუბარი ძირითადად ეხებოდა ჩორჩანას ირგვლივ საკითხებს, ბორდერიზაციის პროცესებს და საოკუპაციო ზონის მახლობლად შექმნილ ვითარებას:
“საუბარი შეეხო ძირითადად ჩორჩანას ირგვლივ საკითხებს. ეს იყო ბორდერიზაციის სიმძაფრე. რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი პროცესები ძალიან მძიმეა იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა. საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომელიც იმ დროსაც და დღესაც შიდა ქართლისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხია.
ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მცოდნოდა და არც მქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით”. – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
კითხვაზე, იცოდა თუ არა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების შესახებ, პასუხობს, რომ აღნიშნული პირადი კომუნიკაციის სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად არ ფლობს ინფორმაციას, იცოდა თუ არა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების შესახებ:
„ეს იმდენად პირადი კომუნიკაციის საკითხებს ეხება, რა თქმა უნდა ჩემთვის უცნობია ვის, ვისთან ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია“,- აცხადებს ხოჯევანიშვილი.
