არქიტექტორი გიორგი ჭკუასელი იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც საყვარელ საქმეში პროფესიონალიზმთან ერთად პროფესიული იღბალიც ერგო – მის სახელთან საქართველოში ბევრი ცნობილი არქიტექტურული პროექტია დაკავშირებული, რომელთა შორის გამორჩეული მცხეთის რეაბილიტაცია, სათაფლია, გორის და ყაზბეგის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაა.
წარმატებული არქიტექტორი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლექტორია ახალგაზრდა არქიტექტორებში. როგორც თავად ამბობს, ახალი თაობის არქიტექტორების გაზრდა მისთვის მნიშვნელოვანი მისიაა, რასაც ის დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ასრულებს.
ცხოვრება არქიტექტურაში და პროფესიის მიღმა – გიორგი ჭკუასელი საკუთარი პროფესიული გზის საინტერესო ისტორიებს გვიზიარებს.
– ბატონო გიორგი, მრავალი წელია არქიტექტორი ხართ, თქვენს სახელთან არის დაკავშირებული არაერთი წარმატებული პროექტი. როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა არქიტექტურაში?
– არქიტექტურის მიმართ ინტერესი ადრეული წლებიდან გამიჩნდა, რაც პირველ რიგში ჩემი ოჯახის გავლენა იყო. მშობლები დამეხმარნენ წავსულიყავი ამ გზით. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა ჩართული იყო ამ სფეროში – მშენებელი იყო მამა ოთარ ჭკუასელი და ბიძა ნიკოლოზ ჭკუასელი. დედაც ამ მიმართულებით მუშაობდა. გავიზარდე პროფესიონალების წრეში. მამა წარმატებული მშენებელი იყო, მისი ერთ-ერთი ნამუშევარია სპორტის სასახლე, რომელზედაც ლადო მესხიშვილთან ერთად მოუწია მუშაობა. ამ პროცესში, როგორც კონსტრუქტორი, ჩართული იყო ბიძაჩემიც. მის სახელთან არის დაკავშირებული სპორტის სასახლის თაღის გადაწყვეტა, რომელიც სპეციალური შეკვეთით დამზადდა რუსეთში. ეს იმ პერიოდისთვის უცხო არქიტექტურული ელემენტი იყო, განსახორციელებლად საკმაოდ რთული. ბიძაჩემის შესრულებულია მეტროსადგურ „ისანის“ გადახურვა, ასევე წერეთლის გამზირზე, საგამოფენო ცენტრის ექსპოჯორჯიას თაღი. მე არ დავარღვიე ოჯახური ტრადიცია, კარგად მეხერხებოდა ხაზვა, წარმატებით გამოვდიოდი სასკოლო ოლიმპიადებზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე გეპეიში, დღევანდელ პოლიტექნიკურ ინსიტუტში, არქიტექტორის ფაკულტეტზე, რომელიც იყო არქიტექტორების კარგი სამჭედლო.
– პროფესია არც იმ დროს მიგიტოვებიათ, როდესაც ჩვენთან რთული პერიოდი დადგა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორის პროფესიაში, იმისთვის, რომ წარმატებული გახდეს?
– 90 იან წლებში გვქონდა ჩავარდნის პერიოდი, იმ პერიოდში მეც მომიწია წასვლა ქვეყნიდან, თუმცა მალე დავბრუნდი და ჩემს თაობაში ერთ-ერთმა პირველმა გავხსენი არქიტექტურული სახელოსნო, სადაც შემომიერთდნენ ძველი მეგობრები. მას შემდეგ არქიტექტურისთვის თავი არ დამინებებია. არქიტექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავალების ორგანულად გააზრება, რას და სად აპროექტებ. რაც თავიდანვე მაინტერესებდა და რასაც შემდგომ დაემატა ცოდნა, გამოცდილება. ყველგან ვამბობ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი საუკეთესო შენობად თბილისში მიმაჩნია არქიტექტორ ვაჟა ორბელაძის აშენებული „მაკდონალდსის“ შენობა რუსთაველის მეტროს გვერდით. ამ ადგილზე ადრე იყო აეროფლოტის სალაროები, რომელიც თავისთავადაც საინტერესო არქიტექტურული შენობა იყო. იქვე – მელიქ კაზარიანცის სახლია, გადმოსწვრივ ე.წ. შახტიორების სახლი, ახლანდელი „კინოს სახლი“. მაკდონალდსის პროექტი ორგანულად შეერწყა ამ გარემოს და არ არის ამოვარდნილი სივრციდან, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მოცულობის დანახვის ერთ – ერთი საუკეთესო მაგალითი არქიტექტურაში.
– რა იყო თქვენი პირველი პროექტი და ყველაზე ემოციურად რომელ პროექტზე მუშაობის პროცესი გახსენდებათ?
– თავიდან, როგორც ყველა დამწყები არქიტექტორი ვმუშაობდი სახელოსნოში. მქონდა ბედნიერება მემუშავა არაჩვეულებრივი პედაგოგისა და კოლეგის ალეკო ქურდიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ქურდიანების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი იყო. დღეისთვის ძალიან წარმატებული არქიტექტორია ალეკოს შვილი შაქრო ქურდიანი. 1988 წელს დავაპროექტეთ არაჩვეულებრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი საწყალოსნო კომპლექსი თავისი სკოლით, სასტუმროთი, აუზებით, რომელიც უნდა აშენებულიყო თემქაზე, მეხუთე სამშობიაროსთან. მოსკოვმა დაამტკიცა ეს პროექტი, მაგრამ მოულოდნელად დაიწყო ინფლაცია და პროექტიც შეჩერდა.
1988 წელს ასევე მომიწია მუშაობა ედუარდ შევარდნაძის მძახლების სახლზე, წყნეთში კაკლების დასახლებაში. როდესაც შოთა ყავლაშვილმა ამ პროექტის მაკეტი ნახა, ისე მოეწონა ავსტრიაში წაიღო, საიდანაც ჯილდო ჩამომიტანა. აშენდა ის შენობა, მაგრამ მერე გადაკეთ-გადმოკეთდა. 1997 წელს, როდესაც ჩამოვაყალიბე არქიტექტურული სახელოსნო, ჩემი მთავარი მიზანი იყო ორი-სამი გამოცდილი არქიტექტორის ირგვლივ შემომეკრიბა ახალგაზრდები. იმ დროს შეკვეთები ნაკლებად იყო, თუმცა ჩვენ სამუშაო მაინც გვქონდა. ვაპროექტებდით კერძო სახლებს. დაახლოებით ასამდე სახლი მაქვს აშენებული. 90 იანი წლების ბოლოს თბილისში იწყებოდა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, თუმცა მე ამ მიმართულებაში არ ჩავერთე. ერთადერთი კორპუსი მაქვს აშენებული ხოშტარიას ქუჩაზე. ისეთი ცუდი დრო იყო, ისეთ სიბინძურეებთან მომიწია შეხება, დავიფიცე, რომ კორპუსს აღარ გავეკარებოდი და პირობა შევასრულე. მას შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის პროექტი არ გამიკეთებია. 2000 იანი წლების დასაწყისიდან გადავერთე სახელმწიფო შეკვეთებზე, ძირითადად ვმუშაობდი სახელმწიფო ობიექტებზე, ეს იყო სათაფლიას პროექტი,ასევე მცხეთის რეაბილიტაცია, გორის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ყაზბეგის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია და ა. შ.
1984 წელს გია შაიშმელაშვილთან და მერაბ გუნავასთან, ასევე დათო ჟღენტთან და მალხაზ ლეკვეიშვილთან ერთად დავიწყეთ მუშაობა მცხეთის რეაბილიტაციაზე. მაშინ მოხდა ჩემი პიეველი შეხება მცხეთასთან, შემდგომ კი 2008 წლიდან განვახორციელეთ 75 სახლის რეაბილიტაცია. ყველაზე ემოციურად მახსოვს ალექსანდრე მრევლიშვილის სახლის აღდგენის პროცესი, რომელიც ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად მიმაჩნია. სახლი საშინელ მდგომარეობაში იყო. სრულად განადგურებული. ვიმუშავეთ არქივებში, მოვიძიეთ მასალები, ძველი 30 იანი წლების ფოტოები. სახლი აღვადგინეთ იმ სახით, რაც იყო შემორჩენილი ფოტოებში. სამწუხაროდ, მოგვიანებით დაამახინჯეს ეს შენობა, მიაშენეს სახინკლეები. ზოგადად, მიშენებ – მოშენება და გადაკეთება ძალიან დიდი პრობლემაა. არქიტექტორისთვის საშინელი განცდაა, როდესაც მის ნამუშევარს ამახინჯებენ. რამდენი თვის, ღამის ნაფიქრი და ნააზრები აქვს ჩადებული არქიტექტორს ნებისმიერ პროექტში, მერე ვიღაც მოვა, იქირავებს ან იყიდის ამ ადგილს და მიაშენებს, მოაშენებს, დაანგრევს, გადააკეთებს. თბილისში გვქონდა კარგი არქიტეტურული ნამუშევრები, მაგალითად ჩაის სახლი, რომელიც უნიკალური შენობა იყო, მაგრამ წლების განმავლობაში დაამახინჯეს, არაჩვეულებრივი შენობა იყო რამაზ კიკნაძის მიერ გაკეთებული რესტორანი „მარაბდა“, რუსთავის გზაზე, ასევე სამხედრო მუზეუმი ვაჟა ფშაველაზე, რომელიც რამაზ კიკნაძის და ვოვა ქურთიშვილის ნამუშევარია. თბილისში გვქონდა არაჩვეულებრივი ლუდის ბარი, ვახუშტის ხიდთან, უნიკალური არქიტექტურული შენობა იყო, მაგრამ დაანგრიეს. შესანიშნავი შენობა ჰქონდა რესტორან „არაგვს“, რომელიც ასევე აღარ არსებობს, წლებია ერთი დიდი ორმოა დარჩენილი მის ადგილზე. როგორც ვიცი, იქ აპირებენ მრავალსართულიანი შენობების აშენებას. ეს კიდევ ცალკე დიდი პრობლემაა. ამ მხრივ ჩვენთან სრული კატასტროფა ხდება.
არქიტექტურა არის იმ დროისათვის საზოგადოების სოციალური განვითარების გამოვლინება, კარგად აჩვენებს რა ხდებოდა იმ დროს, როდესაც ესა თუ ის შენობა ააშენეს. მელიკ კაზარიანცის სახლი აჩვენებს, თუ რა დონეზე იყო იმ დროს ადამიანების სოციალური განვითარება. ჩვენ ვხედავთ რა შენდება დღეს. მთავარია არქიტექტორმა დააპროექტოს მეტი კვადრატული მეტრი და მეტი კვადრატული მეტრი ააშენოს დეველოპერმა, რომ მეტი ფული აიღოს, ამიტომაც დაკარგა თბილისმა თავისი სილამაზე. ფუნიკულიორიდან რომ გადმოიხედავ ღამით ლამაზია თბილისი, დღისით კი საშინელება ხდება. არანაირი გემოვნება, ესთეტიკა. კიდევ კარგი, ახლა, კარგი მასალებით მაინც ხდება შენობების უმეტესობის მოპირკეთება, შესახედად მაინც ნორმალურია, მაგრამ შეიძლება თბილისში ამხელა სახლები?! გინახავთ ევროპის ქალაქებში ის, რაც ჩვენთან ხდება?!
– გამოსავალს ხედავთ? თქვენ, ალბათ როგორც ძველი თბილისელების თაობას, გენატრებათ ის რაც ამ ქალაქს უნიკალურს ხდიდა – მისი უბნები, ურთიერთობები.
– გამოსავალი ალბათ იმაშია, რომ მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენი ქვეყანა და არ დავამახინჯოთ ის. მხოლოდ ფულზე არ უნდა ვიფიქროთ. გამდიდრება ცუდი სულაც არაა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის და მიწის მითხრა-მოთხრის ხარჯზე. არქიტექტურა ისეთი პროფესიაა, მუდმივად გაქვს მასთან შეხება. მხატვარი დახატავს ნახატს, თუ არ მოეწონა, გადადებს გვერდით, არ გამოფენს. იგივე ეხება წიგნს, მუსიკას. თუ ავტორს წიგნი არ გამოუვა, არ დაბეჭდავს. არქიტექტურაში ასე არაა. გინდ სახლში, გინდ – ქუჩაში. პურის საყიდლად რომ გახვალ, არქიტექტურა გაქვს ირგვლივ, სულ მასში ტრიალებ. ამიტომაც არის ჩემთვის მტკივნეული ყველაფერი, რაც ამ სფეროს ეხება.
რაც შეეხება თბილისს და ურთიერთობებს, მე ხშირად მითქვამს შვილებისთვის, რომ ადრე თბილისი სხვანაირი იყო, იგივეს მეუბნებოდა მამაჩემი. როგორც ჩანს, წინა თაობა მაინც ძველი გადმოსახედიდან უყურებს ამას, რეალურად ვითარდება ყველაფერი, არაჩვეულებრივი თაობები მოდის, ლაღები, თავისუფლები. ჩვენ ყველამ ვნახეთ მათი გამოსვლები გაზაფხულზე, სწორედ ეს თაობაა ჩვენი ქვეყნის მომავალი და იმედი. მე ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. 53 -ე სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენ ტატულია მარგველაშვილის შეკრებილი კლასი ვიყავით. მესამე კლასში ინგლისურის გამოცდის მიხედვით გაგვაერთიანა და მას მერე მოვყვებით ერთმანეთს. დიდი სამეგობრო გვაქვს. იმ წლებიდან ჩემი უახლესი მეგობრები არიან ექიმი გიორგი გვახარია, რეჟისორი დიტო ცინცაძე და მხატვარი ლუკა ლასარეიშვილი. ამდენი ხნის მანძილზე არაჩვეულებრივი მეგობრობა გვაქვს, ვიკრიბებით, ერთად ვმოგზაურობთ და მხარში ვუდგევართ ერთმანეთს.