გიორგი ჩიკვაიძე უარს ამბობს ციხის საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაზე

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც საპატიმროში შიმშილობს, უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე. ამის შესახებ ლაპარაკია მისი ოფიციალური ფეისბუკგვერდით გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც უარის მიზეზებიც არის ახსნილი.
„პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18-ე დაწესებულების ექიმებს რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში“, – აცხადებს ის.
გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასასწრებად გლდანის ციხის საავადმყოფოდან ეტლით უნდა გადაეყვანათ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელად შეიცვალა:
„უეცრად მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ სასამართლო პროცესს ვერ დავესწრებოდი, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება… ამ დაძაბულმა ვითარებამ გამოიწვია ჩემი მაღალი წნევა ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორმა განმიცხადა, რომ ისინი აქვე ჩამიტარებდნენ პროცესს და ამ უსამართლო ცირკის ორ პერსონაჟს მოსამართლეს და პროკურორს მოიყვანდნენ დახურულ გარემოში“.
გიორგი ჩიკვაიძე დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოებს.
გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტიდან არის პატიმრობაში – ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიება – გირაო – პატიმრობით შეუცვალა.
მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს მოსამართლემ გირაო ძალაში დაუტოვა.
გიორგი ჩიკვაიძე მე-15 დღეა შიმშილობს. ის შიმშილობის მეცხრე დღეს, 20 მარტს, ციხის კლინიკაში გადაიყვანეს.
38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ მცდელობაში ადანაშაულებდა.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა“, „დ“, III -„ბ“ მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – არ მინდა ვივარაუდო, რომ უკრაინის ელჩმა მისი ჩვენს ქვეყანაში დანიშვნა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებებისთვის გამოიყენოს – ვისურვებდი, რომ პოზიტიური ყოფილიყოს ეს ნაბიჯი

გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკის სიმართლე არ მოეწონა, რასაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია, ახლა დანიშვნა რას ნიშნავს? – როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და რომ ვერ შეძლეს, გადატვირთვის პოლიტიკა მიდის