ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც 11 მარტს დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადა.
„მე არ შევეგუები სისტემის ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე. ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის. პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, რუსეთის აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს“, — აცხადებს ჩიკვაიძე.
ამასთან, გიორგი ჩიკვაიძე მიმართავს ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველას, ვინც დუმს და ამბობს, რომ ისინი პროცესის მონაწილეები არიან.
გიორგი ჩიკვაიძის წერილს მისი ძმა, დიმიტრი ჩიკვაიძე ავრცელებს.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მანამდე მას 50 000 ლარის ოდენობის გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა.
დაკავების წინა დღეს გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველთან” განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე დააკავებდნენ.
მას შემდეგ, რაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც პროკურატურა „ბიტკოინების საქმეზე” ედავებოდა, საქართველოდან წავიდა და მას სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა, გიორგი ჩიკვაიძე ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა გაიზარდა და უთვალთვალებდნენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რომლის დარღვევასაც ჩიკვაიძეს ედავებიან, მითვისებასა და გაფლანგვას ეხება.
ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ მისი, როგორც სისტემის ყოფილი მხარდამჭერის, განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯას ცდილობენ მას შემდეგ, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვა.
პროკურატურა მას ედავება, რომ მოატყუა აჭარელი ბიზნესმენი, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა, თუმცა არც იახტა ჩამოუყვანია და არც ფული დაუბრუნებია.
ამ თემაზე:
