„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა.
როგორც მან აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა დოკუმენტაციის დასურათება დაიწყო, მაშინ, როცა მას მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და შიგთავსის ნახვა შეეძლოთ.
„დღეს მიხეილ სააკაშვილის ე.წ. სასამართლო სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, როგორც ყოველთვის ხდება, შეფერხება იყო პრეზიდენტთან დაშვებისას. დოკუმენტაციაზე, რომელიც პრეზიდენტსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურია, პენიტენციური სამსახური კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა. მათ მოითხოვეს დასურათება. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური დათვალიერება და შიგთავსის ნახვაც შეეძლოთ, მათ დასურათება და შემდეგ თავის ხელმძღვანელობასთან, ანუ ივანიშვილთან გადაგზავნა გადაწყვიტეს. ეს მოხდა იმისთვის, რომ ამ დოკუმენტაციის შიგთავსი გაერკვიათ. ასეთი წესები მხოლოდ გულაგის დროს მახსენდება, სხვა დროს არსად მსოფლიოში არ მომხდარა. არაფერს ემსახურება ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალიან შეშინებული. ეს არის ჩემი, როგორც ადვოკატის უფლებების დარღვევა, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის უფლების დარღვევა, როგორც დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ეს არის ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურობის დარღვევა და ეს არის დაბრუნება უკან გულაგში, რასაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი აკეთებს, მაგრამ როგორც არასდროს გულაგს წარმატება არ ექნება და მომავალი მას არ აქვს. არანაირი განმარტება არ მიგვიღია, ნახეთ დღეს როგორც მოვედი. ეს არის ის ფორმა, დამცინავი ფორმა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ სავარაუდოდ ფარული მოსმენა ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ოთახში და ჩურჩულის და ყურში საუბრის ნაცვლად, ხმამაღლა მომიწიოს საუბარი და ყველაფერი გაიგონ. ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ ფარული მიყურადების ობიექტები ვართ მეც და პრეზიდენტი სააკაშვილიც“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.