გიორგი ჩაკვეტაძე: იდენტიფიცირებული გვყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც …

მინდა მივმართო თითოეულ ახალგაზრდას – ის პროცესები, რომელიც ახლა ქუჩაში მიმდინარეობს ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – ამ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა, დესტაბილიზაცია და შემდეგ გარკვეულმა რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხონ ხელისუფლების არეულობის გზით ჩანაცვლება, თუმცა მინდა მათ გარანტია მივცე, რომ ეს ასე არ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების სახელით საუბრობს. ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მაგალითად: ნიკო მანაგაძე, რომელიც დღეს თსუ-ში პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩეოდა და პირდაპირ მიუვარდა პრემიერს და სცადა ლექციის ჩაშლა, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვიდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში აქტიური პროცესები მიმდინარეობს ზვიად ცეცხლაძის მონაწილეობით. ეს ადამიანი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია „დაფიონს“. ის პლაკატები, რომელიც ქუჩებში გაიკრა, ორგანიზებული იყო „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მონაწილეობით. მთელ ამ პროცესებში ჩართულია მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი დავით ჩხობაძე, რომელიც არის დავით კეზერაშვილის წრესთან დაახლოებული პირი. ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს გადაბარგებულია გვარამიასა და მელიას პარტიაში და ეს არის ნიკა ნოზაძე. ასევე იგორ ნარმანია, რომელიც ახლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე წაიკითხა მიშა სააკაშვილის სიტყვა“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.