ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტი, რომელიც პაპუაშვილისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებით ეს ეხება „ლელოს“ – საერთოდ ვერ ვხსნით რატომ მოხვდა „ლელო” ამ ე.წ ასაკრძალ პარტიებს შორის – რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა „ლელოს”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების” ლოგიკა მათთვის გაუგებარია.
„პირდაპირ გეტყვით, არ ვიცით, რა შეიძლება იყოს „ოცნების“ ლოგიკა. მათი ლოგიკის ამოხსნა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტი, რომელიც პაპუაშვილისგან მოვისმინეთ. განსაკუთრებით ეს ეხება „ლელოს”. საერთოდ ვერ ვხსნით რატომ მოხვდა „ლელო” ამ ე.წ. ასაკრძალ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა „ლელოს”. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის განაყოფებს, თქვენ ჩვენი პოზიცია იცით, რომ თუ პარტია იმსახურებს დამარცხებას, პირველ რიგში ეს პარტია არჩევნებით და პოლიტიკური გზებით უნდა დაამარცხო. აკრძალვა არცერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონსტიტუციურ ნაბიჯად, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომ ეს კიდევ ერთხელ ემსგავსება „ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის რადიკალიზაციისა და დაპირისპირების ახალ ფაზას. ვფიქრობთ, რომ რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივად რომც აკრძალოს „ახლებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის” კოალიცია, მე პირადად დარწმუნებული, ვარ რომ „ნაციონალური მოძრაობის”, როგორც შიშის ფაქტორი, არასდროს გაქრება და ამას პირველ რიგში, „ოცნება” შეუწყობს ხელს. კარგად იცით, რომ „ოცნება” ყველა არჩევნებს იგებს „ნაციონალური მოძრაობის” შიშის ფაქტორის საკმაოდ ეფექტურად გამოყენებით. რამდენად არის ეს ყველაფერი რეალობა და რამდენად ემსახურება რეალურად, „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლას და არის თუ არა ეს მორიგი „ფეიკ“ კამპანია ეს მალე გამოჩნდება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.
რაც შეეხება პარტიას “გახარია საქართველოსთვის” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ „სამართლებრივად თავი დაიძვრინა“.




