გიორგი შარაშიძე ლაშა ხუციშვილს – 8 მიმდინარე არბიტრაჟში სადავო თანხა პოტენციურად 4.8 მილიარდი დოლარია, რომლის ნაწილი უკვე წაგებულია – იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას? ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გაქვთ გათვალისწინებული და ვინ გადაიხდის?

იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენივე მმართველობის შეცდომებით ქვეყანას დააკისრეთ ეს მილიარდები?,- ამ შეკითხვით მიმართა „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.
ის საარბიტრაჟო დავებში წაგებულ თანხებთან დაკავშირებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ეს არის კონკრეტული მმართველობითი შეცდომების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი.
„ძალიან ყურადღებით გავეცანი თქვენ მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დანართს – ფისკალური რისკების დოკუმენტს. და მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: მე, ისევე როგორც ყველა აქ მყოფი, სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს ყველა საერთაშორისო არბიტრაჟში. მე მჯერა ჩვენი იურისტების და იუსტიციის სამინისტროს, დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაფერს იღონებენ სახელმწიფოს პოზიციის გასამყარებლად. ჩემი კითხვა არ ეხება ამ დავებში სამართლებრივ მხარეს. ჩემი კითხვა ეხება თქვენს პოლიტიკურ და ფისკალურ პასუხისმგებლობას ამ დავების წარმოშობაზე. თქვენსავე დოკუმენტში გიწერიათ, რომ 8 მიმდინარე საერთაშორისო არბიტრაჟში სადავო თანხის პოტენციური ოდენობა 4.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. თქვენ იქვე გიწერიათ მიზეზებიც: „წარუმატებელი და შეწყვეტილი მასშტაბური პროექტები“, „გაუქმებული ლიცენზიები“, „ნებართვებზე უარი“. ეს ყველაფერი ხომ სტიქიური უბედურება არ არის? ეს არის კონკრეტული მმართველობითი შეცდომების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი. და მოდით, ვიყოთ გულწრფელები – მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამ დოკუმენტში დელიკატურად იყენებთ სიტყვას „პოტენციური“, საზოგადოებამაც და ჩვენც ვიცით, რომ ამ ასტრონომიული თანხიდან ნაწილი უკვე წაგებული დავებია (ინტერრაო, 94 მილიონი დოლარი, „ნამახვანი“ 450 მილიონი დოლარი – ღარიბაშვილის და თურნავას გამო, რომელიც ახლა ეროვნული ბაკის პრეზიდენტია) და გადასახდელი თანხები უკვე ფაქტია და არა – რისკი. და აი, ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ წარმოგვიდგინეთ 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც ამ კოლოსალური ფინანსური ნაღმის დასაფარად, რაიმე სარეზერვო ფონდის ან მუხლის სახით, გამოყოფილი გაქვთ… ზუსტად ნული ლარი. და აი, ჩემი კითხვაც: თქვენ, როგორც მმართველი ძალა, იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენივე მმართველობის შეცდომებით ქვეყანას დააკისრეთ ეს მილიარდები? და რადგან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გაქვთ გათვალისწინებული, პირდაპირ გვითხარით – ვინ გადაიხდის ამ ფულს? ვის აპირებთ, მოაკლოთ? ან იქნებ, თქვენი გეგმა უფრო მარტივია – თქვენი მმართველობის შეცდომების ფასი, ეს 4.8 მილიარდიანი ვალი, უბრალოდ გადაავადოთ და პირდაპირ ჩვენს შვილებს დააკისროთ გადასახდელად?”,- მიმართა გიორგი შარაშიძემ ფინანსთა მინისტრს.