ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი?! წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით – რადგან ამ ყველაფრის გარდა საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ არის ისეთი პუნქტები, რომლის გასაჯაროება „ოცნებას“ არ აწყობს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ არაბული საინვესტიციო ჯგუფის – „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
შარაშიძის თქმით, „ქართული მიწა კომერციული საიდუმლოება ვერ იქნება“.
„ხელშეკრულების გასაჯაროებას იმის გამო მოვითხოვთ, რომ ქართველ ხალხს სამართლიანი კითხვები და ღელვა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე ეხება ქართულ მიწას. ეს ხომ არ არის კომერციულ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ეს არის სახელმწიფოსა და კომერციულ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი?! წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით. რადგან ამ ყველაფრის გარდა საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ არის ისეთი პუნქტები, რომლის გასაჯაროება „ოცნებას“ არ აწყობს.
ჩვენი კონკრეტული კითხვა ეხება ქართული მიწის გასხვისების პირობას. „ოცნება“ ამას ხსნის, რომ თითქოს ეს არ არის გასხვისება, იმიტომ, რომ თურმე, 33% გვაქვს, მაგრამ მგონი, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის მინიმალური წილი და გადაწყვეტილების მიმღები, ამ შემთხვევაში, არ არის ქართული მხარე. ამიტომ, ყველა ის რისკი, რაც დაკავშირებულია იმ კაპიტალთან, რაც არის ქართული მიწა, უნდა იყოს დაზღვეული. მთავარი კითხვები ამასთან დაკავშირებით არის? როგორ ხდება ამ რისკის გადაზღვევა. ერთ-ერთი კითხვაა, თუ არაბულმა მხარემ არ დაიცვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, თუ ეს პროცესი დროში გაჭიანურდა, ამ შემთხვევაში რა არის ის ინსტრუმენტები, რის საფუძველზეც მეორე მხარე, „იგლ ჰილსი“ აანაზღაურებს საქართველოს ზარალს და ა.შ.? ციფრები, რასაც კობახიძე ასახელებს, საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით, გაცილებით გაზვიადებული ციფრებია, გნებავთ პოტენციურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობით. გნებავთ, დაგეგმილი მოგების რაოდენობით, ვიდრე სხვა ანალოგიურ პროექტებში ყოფილა. უკვე გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა ხელშეკრულების გადმოცემაზე საპარლამენტო მანდატის ფარგლებში“,- განაცხადა შარაშიძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევას ინტერპელაციის წესით, შარაშიძემ აღნიშნა – „კონკრეტულად, როგორ ვიმოქმედებთ ამას გადავწყვეტთ, რომელ ინსტრუმენტს უფრო ეფექტურად ჩავთვლით“.




