ნამდვილად ვერ დავუწყებთ ვერავის ბოდიშების ხდას იმისთვის, თურმე, პოლიტიკურმა პარტიამ როგორ გავბედეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ “ოცნებისთვის” არ მიგვეცა ჩვენი აკრძალვის საბაბი – რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდით, მომავალშიც გავაკეთებთ, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა – „ნაციონალურმა მოძრაობამ” და “კოალიცია ცვლილებისთვის” საკუთარი თავი თავად აიკრძალეს.
„პოლიტიკური პარტია უნდა დაამარცხო არჩევნებით. პარტია კი არ უნდა გააუქმო, პარტია უნდა დაამარცხო, მაგრამ “ოცნება” რასაც აკეთებს, ეს უკვე მისი ალოგიკურობის ამბავია.
ამ პარტიებმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავი თავად აიკრძალეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში “ოცნებასთან ბრძოლაში არაფერს აქვს აზრი, გარდა ქუჩისა. მაშინ რაღაში სჭირდებათ პარტია?! ჩვენთვის ცოტა გაუგებარია ამ პარტიების ასეთი აღშფოთებაც. თავად აიკრძალეს თავი, თავად თქვეს, არ გვინდა არჩევნებიო, ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერს აზრი არ აქვსო.
ჩვენ არ ვართ ქუჩის პოლიტიკოსები და დამხობის მომხრე პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ არა თუ მათზე ნაკლებად არ გვინდა რეჟიმის დამარცხება, არამედ მათზე გაცილებით მეტად გვინდა, მაგრამ ტაქტიკა და სტრატეგია სხვა გვაქვს. ნამდვილად ვერ დავუწყებთ ვერავის ბოდიშების ხდას იმისთვის, როგორ გავბედეთ თურმე პოლიტიკურმა პარტიამ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ “ოცნებისთვის” არ მიგვეცა საბაბი ჩვენი აკრძალვის. რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდით, მომავალშიც გავაკეთებთ,” – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.




