დრო აჩვენებს ეს საკონსტიტუციო და პარტიების აკრძალვის კამპანია სინამდვილეში შემდგომი კიდევ ერთი მორიგი „ფეიქ“ კამპანია ხომ არ არის “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის? დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ფაქტორს, როგორც შიშის ფაქტორს, პოლიტიკური ველიდან არასდროს გააქრობს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის აკრძალვა არაკონსტიტუციურია.
„საერთოდ გაუგებარი რამაა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა. რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურია. როდესაც გსურს, პოლიტიკური პარტია დაამარცხო – ის პირველ რიგში, უნდა დაამარცხო არჩევნების გზით, ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. აკრძალვა არის სამართლებრივი აბსურდი, მაგრამ რატომ აკეთებს ამას „ოცნება”, რა გითხრათ? – „ოცნება” ლოგიკას არ ექვემდებარება. მათ უნდა ჰკითხოთ, რა კრიტერიუმებით კრძალავენ, საერთოდ თუ კრძალავენ და რა კრიტერიუმებით აკრძალავენ, ვისაც არ კრძალავენ თავიანთი გადაწყვეტილებით”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაშიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” რომც აიკრძალოს, ამ პარტიის ფაქტორი, როგორც ხალხის დაშინების ფაქტორი, მუდმივად იარსებებს.
„დრო აჩვენებს ეს საკონსტიტუციო და პარტიების აკრძალვის კამპანია სინამდვილეში შემდგომი კიდევ ერთი მორიგი „ფეიქ“ კამპანია ხომ არ არის „ქართულ ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის? დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება” „ნაციონალური მოძრაობის” ფაქტორს, როგორც შიშის ფაქტორს პოლიტიკური ველიდან არასდროს გააქრობს. „ნაციონალური მოძრაობის” ფაქტორი, როგორც ხალხის დაშინების ფაქტორი, მუდმივად იარსებებს, ეს საქმე ბოლომდე რომც მიიყვანონ და „ნაცმოძრაობა” აკრძალონ. ეს არაკონსტიტუციურია, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მეპარება რომ ეს გააკეთონ, რადგან „ოცნება” „ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მთავარი შიშის ფაქტორისა და საფრთხობელას არ არსებობის პირობებში, ხელისუფლებას ძალიან მალე დაკარგავს”, – განაცხადა შარაშიძემ.
შარაშიძეს ასევე ჰკითხეს, ექმნება თუ არა უხერხულობა, როცა „ლელო – ძლიერი საქართველო” – პარტია, რომელთანაც თანამშრომლობენ, შესაძლოა აიკრძალოს, რაზეც მან უპასუხა, რომ „ოცნების” მიერ გადადგმულ არალოგიკურ ნაბიჯებზე უხერხულობას საკუთარ თავზე ვერ იგრძნობენ.
„ოცნების” მიერ გადადგმულ არალოგიკურ ნაბიჯებზე უხერხულობას ჩვენს თავზე ვერ ვიგრძნობთ. მოდი, ჯერ დაველოდოთ ვის აუქმებენ და რამდენად არის ეს მართლა გაუქმება. „ლელოსთან” ჩვენ გვქონდა თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ის გაქრეს და დარწმუნებული ვარ, არც გაქრება. „ოცნებამ” რომც მიაღწიოს საკუთარ მიზანს, „ლელო” არის ძლიერი გუნდი და მას პოლიტიკურ საქმიანობას ვერავინ აუკრძალავს”, – განაცხადა შარაშიძემ.
კითხვაზე, პარლამენტში შემოსვლამდე იცოდნენ თუ არა, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელში არ მოხვდებოდნენ, შარაშიძემ უპასუხა, რომ არა.
„არანაირად. არა, როგორ გეკადრებათ. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველანაირი შედეგისთვის მზად ვიყავით. ვისთან უნდა გვქონოდა კომუნიკაცია?“, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.
რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ „სამართლებრივად თავი დაიძვრინა“.




