არანაირი ერთობა არცერთ იმ პოლიტიკურ პარტიასთან და პოლიტიკოსთან, ვინც პირდაპირ და უშუალოდ არის პასუხისმგებელი პროვოკაციაზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ჩვენ არ გვექნება, არა და არასდროს არ გვექნება , – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” არჩევნების შემდგომ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შარაშიძემ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენებზე ისაუბრა და პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას”, “კოალიციას ცვლილებისთვის” და მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს დააკისრა.
“როდესაც იცი, რომ შეკრების მთავარი მიზანი არის მშვიდობიანი დამხობა და შენ, როგორც პოლიტიკოსი, იმ რისკებს ვერ თვლი წინასწარ… გიორგი გახარიამ თუ გათვალა, სალომე ზურაბიშვილმა რატომ ვერ გათვალა? რთული იყო მისთვის, თუ არ აქვს სათანადო კომპეტენცია და გამოცდილება, რომ წინასწარ განეჭვრიტა ყველა ის შესაძლო რისკები?
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ეს უკვე შეცდომაც აღარ არის. გამორიცხულია, რომ ამხელა ამბავი შეცდომის გამო მოხდეს და ამდენი სასარგებლო იდიოტი ერთად შეიკრიბოს. ეს არის პირდაპირ დანაშაული, რაც ამ ხალხმა ჩაიდინა. ამაზე მეტი ნეგატიური შედეგი რა შეიძლება დადგეს, რაც დადგა? თითოეული დაკავებული არის მსხვერპლი იმ უპასუხისმგებლო პროვოკაციის, რაც დაიგეგმა და განხორციელდა 4 ოქტომბერს. დისკრედიტირებულია მშვიდობიანი პროტესტი, გაძლიერებულია ავტოკრატია “ქართული ოცნების” სახით.
პირველად მოხდა, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები არა მხოლოდ “ქართულ ოცნებას”, არამედ პროტესტის მხარესაც მოუწოდებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ.
ეს “ქართული ოცნებისთვის” საჩუქარია. ვიღაცის უპასუხისმგებლობის გამო რომ ეს შედეგები მივიღეთ, ამ ხალხთან რაიმე ერთიანობაზე საუბარი ჩვენნაირი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალისთვის გონივრულობასთან ახლოს არის?” – აღნიშნა შარაშიძემ.
გარდა ამისა შარაშიძემ ისაუბრა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარების შესაძლო მიზეზებზეც.
შარაშიძემ უპასუხა კითხვას, ახალაიას შსს-ში დაბარებასა და 4 ოქტომბრის მოვლენებს შორის კავშირის შესაძლებლობაზე და მედიაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ შესაძლოა, ახალაია 4 ოქტომბრის აქციების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყოს და განაცხადა, რომ თუ ეს მართალი იქნება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები იყო სპეცოპერაცია.
“თუ ეს მოხდა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს იყო სპეცოპერაცია. სხვა დეტალებში არ შევალ, დააკავებენ ბაჩო ახალაიას თუ არ დააკავებენ, დღეს იმდენად მძიმე შედეგები გვაქვს ჩვენ და იმდენად საქციელის გამო ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმრებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი არიან ამ უპასუხისმგებლო პროვოკაციის მსხვერპლნი”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
